მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება „ვალდებულების ბალანსით“ ახსნა

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს, ამ ეტაპზე, ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის, 141 მილიონი რუბლის გადარიცხვა შეუჩერა-დელბა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოცემა РБК-სთან ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არაა გამწვავება, არამედ საუბარია „ბალანსის დაცვაზე იმ ვალდებულებებში, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობებმა იკისრეს“.
„ამას არ ვუწოდებდი გამწვავებს, რომ დავუბრუნდეთ თემას, რომელზეც ახლახან ვსაუბრობდით: ეს მიღწეული შეთანხმებების შესრულებაა. არის შეთანხმებების პაკეტი, რომელიც სანქცირებულია პრეზიდენტების მიერ, დამტკიცებულია ორი ქვეყნის მთავრობების მიერ და ამ შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც რატიფიცირებულიც კია ორივე პარლამეტის მიერ, თითოეულ მხარეს აქვს თავისი ვალდებულებები, და ჩვენი აფხაზი მეგობრები ამას მშვენივრად ხვდებიან“, – თქვა ლავროვმა.
მისი სიტყვებით, აგვისტოს დასაწყისში, როცა „აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს“ სერგეი შამბას თანამდებობაზე დაბრუნება მიულოცა, შესთავაზა მისთვის ნებისმიერ ხელსაყრელ დროს რუსეთში სტუმრობა.
„დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, კვირებში შევძლებთ ამ შეხვედრის ორგანიზებას. რა თქმა უნდა, ჩვენი სხვა უწყებები, სოხუმში თავიანთ კოლეგებთან შესაბამის სამუშაოს აწარმოებენ. მაგრამ მთავარია, კიდევ ერთხელ – ყველ მიღწეული შეთანხმების შესრულება – პრეზიდენტების მიერ დამტკიცებულის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს, ამ ეტაპზე, ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის, 141 მილიონი რუბლის (1.6 მილიონი აშშ დოლარის) გადარიცხვა შეუჩერა, – ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ მედიასთან ინტერვიუში განახადა.
მისი თქმით, ეს თანხა წლიური ოდენობის 1/12-ია.

ვლადიმერ დელბას განმარტებით, სოციალური სფეროს მუშაკების ხელფასების დაფინანსების შესახებ შეთანხმების განხორციელება შეჩერებულია აფხაზური მხარის მიერ აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროგრამის პირობების შეუსრულებლობის გამო.

კერძოდ, 1-ელ აგვისტომდე აფხაზეთს უნდა მოეხდინა ხელშეკრულებების რატიფიცირება რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელების და ეკონომიკურ პროექტებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.

ვლადიმერ დელბას განცხადებით, აფხაზეთის ბიუჯეტი მიმდინარე თვეში ხარჯების ანაზღაურებას შეძლებს, მაგრამ „მომავალ პერიოდებში ეს ცოტა გართულდება“.

„დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება, რომ აფხაზური მხარე მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხების გადასაჭრელად და შესაბამისად, ჩვენ დროულად მივიღებთ რუსეთის ფინანსურ დახმარებას“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ როგორც მანამდე გახდა ცნობილი, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 1 სექტემბრიდან სოციალური დაფინანსება შეუჩერა, რომლითაც ანაზღაურებას იღებდნენ მასწავლებლები, ექიმები და სამართალდამცველი უწყებების თანამშრომლები. შემოდგომასა და ზამთარში რუსეთი დე ფაქტო რესპუბლიკას ელექტოენერგიასაც კომერციული ფასით მიაწვდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button