მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლავროვმა რუსეთის მიერ წარმოწყებული ომების პროვოცირებაში უკრაინა საქართველო და ვაშინგტონი დაადანაშაულა

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის მიერ წარმოწყებული ომების პროვოცირებაში უკრაინა, საქართველო და ვაშინგტონი დაადანაშაულა.

ამ კონტექსტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ახსენა. გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა NATO და ევროკავშირი “ეუთოს სამხედრო პოლიტიკური განზომილების დანგრევაში” დაადანაშაულა.

სიტყვით გამოსვლისას სერგეი ლავროვმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაშინ, NATO-მ თბილისი და კიევი რუსეთის წინააღმდეგ დაგეშა. ამასთან, სერგეი ლავროვმა 2008 წლის ომს აშშ-ის მიერ პროვოცირებული უწოდა.

“NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებმა საკუთარი ხელით დაანგრიეს ეუთოს სამხედრო პოლიტიკური განზომილება. 1999 წელს NATO-მ განახორციელა აგრესია იუგოსლავიის წინააღმდეგ, 2008 წელს კი გაეროს რეზოლუციის დარღვევით სერბეთს წაართვეს კოსოვო, ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე. იგივე ქვეყნებმა ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიიტყუეს თბილისი და კიევი წევრობაზე, ამას ერთი მარტივი მიზეზი ჰქონდა – დაეგეშათ რუსეთის წინააღმდეგ.

სააკაშვილმა კი ბუქარესტში მიცემული კარტბლანში მაშინვე აამუშავა. იმავე წლის აგვისტოში გასცა ბრძანება, დაებომბათ სამხრეთ ოსეთის ქალაქები და სამშვიდობოების პოზიციები, რომლებიც იქ ეუთოს თანხმობით იმყოფებოდნენ. ამ პროვოკაციებს ამზადებდა შეერთებული შტატები, როდესაც წამოიწყო იქ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმაც გულმოდგინედ შეასრულა.

უკრაინაში ანტირუსული პლაცდარმის შესაქმნელად შეერთებულ შტატებს მეტი რამ დასჭირდა. 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალება და 8-წლიანი სისხლისღვრა დონბასში. დასავლელი პოლიტიკოსების ნამდვილი ზრახვები გამოაშკარავდა მაშინაც, როდესაც ვაშინგტონსა და ბრიუსელში უარყვეს რუსეთის მიერ წარდგენილი წინადადებები ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ჩვენთან ლაპარაკიც კი არ მოისურვეს”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ეუთოს მინისტერიალზე, სერგეი ლავროვმა ტრადიციულად ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა, გააკრიტიკა ნატო და ისაუბრა 2008 წელის რუსეთ საქართველოს ომზე.

გარდა ამისა 30 ნოემბერს სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე დელეგაციების ნაწილმა სხდომათა დარბაზი მაშინ დატოვა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოსვლა დაიწყო.

დელეგატებმა დარბაზიდან გასვლა დაიწყეს იმ განცხადების გაკეთებისთანავე, რომლის შემდეგაც სიტყვა რუსეთის მინისტრს გადაეცა.

სხდომაზე ლავროვმა თქვა, რომ “კიევის რეჟიმი დონბასში სადამსჯელო ოპერაციას ატარებს რვა წლის განმავლობაში”, რომ უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში “ნაცისტური იდეოლოგიის ტალღაა”. რუსმა მინისტრმა თავის გამოსვლაში ევროკავშირი დაადანაშაულა იმისთვის, რომ სურს „კიევის რეჟიმს ორგანიზაციის კარი დაჩქარებული წესით გაუღოს”.

ლავროვმა გამოხატა უკმაყოფილება უკრაინის მიერ გატარებული სახელმწიფო ენის პოლიტიკის გამოც და დაადანაშაულა ევროკავშირი და შეერთებული შტატები, რომ არ შეამჩნიეს “უკრაინის ძირითადი კანონის ბოროტად გამოყენება”.

ლავროვმა თავის სიტყვაში ასევე თქვა, რომ ეუთო, სავარაუდოდ, “უფსკრულის ზღვარზეა” და რომ დასავლეთი “კლავს ჯგუფის აღდგენის შანსებს”.

ლავროვის შემდეგ გამოსულმა სპიკერმა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთის მინისტრის გამოსვლის რიგ თეზისს “შეცდომაში შეყვანის” მცდელობა უწოდა, მაგრამ ლავროვმა არ მოუსმინა კოლეგას და შეხვედრა დატოვა.

რუსული მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე არა ბულგარეთის, არამედ საბერძნეთის გავლით ჩაფრინდა. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარტასი“ იუწყება, სოფიამ რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავის საჰაერო სივრცეში შეშვებაზე უარი თქვა, რადგან ბორტზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა იმყოფებოდა.

ბულგარეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ რუსული დელეგაციის ფრენაზე ნებართვა არ ვრცელდება მარია ზახაროვაზე, რომლის წინააღმდეგაც ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული, და არც დელეგაციის სხვა წევრებზე, რომლებიც ბრიუსელს „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი. ამის შესახებ ნათქვამია ბულგარეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ნოტაში.

ბულგარეთის მიერ რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის დახურვის გამო ლავროვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები სკოპიეში თურქეთისა და საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით მოხვდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთო-ს სამიტზე დასასწრებად ჩრდილოეთ მაკედონიამ მიიწვია, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანაა. სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გადაკვეთის ნებართვა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა.

ლავროვის დასწრების გამო, ბალტიის ქვეყნებმა სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც “ღრმად წუხან გადაწყვეტილების გამო”, რომლის მიხედვითაც, სკოპიეში, ეუთოს-მინისტრთა საბჭოს 30-ე სესიაში სერგეი ლავროვი იღებს მონაწილეობას.

სამიტში არ მონაწილეობას არც უკრაინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button