ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს
პარლამენტის შენობის უკან პოლიციამ კარვის გაშლის უფლება კვლავ არ მისცა ბექა გრიგორიადისს. ის შვილის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას მოითხოვდა, რომელიც მარტის აქციების მონაწილეა.
ბექა გრიგორიადისმა, როგორც კი მოინდომა ჩანთიდან კარვის ამოღება, ის პოლიციამ მაშინვე დააკავა.
„მე ვათენებ ჩემი ლაზარეს გულისთვის, მინდა ჩემი ლაზარე დავიხსნა, რომ ჩემთან ერთად იყოს… მე მჭირდება უამრავი ხალხის დახმარება…” – ეს სიტყვები თქვა ბექა გრიგორიადისმა დაკავებამდე და აქციაზე მისულ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა. მან, ასევე, გამოჰყო ქართველი ემიგრანტები, რომლებიც მხარს უჭერენ.
ბექა გრიგორიადისის დაკავების საკითხზე შსს-ს პრესცენტრიდან ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.ბექა გრიგორიადისს კარვის გაშლის საშუალება პოლიციამ 29 მაისსაც არ მისცა. მან რამდენიმე დღის წინ შვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ერთი კაცის აქციას” დაიწყო, რომელსაც სხვა მოქალაქეებიც უერთდებიან.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის” სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას). მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1 მაისს, აღკვეთის ღონისძიების გადახედვისას, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.
„ლაზარე გრიგორიადისი არ უარყოფს იმ ფაქტს და ადასტურებს, რომ ის იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე და აპროტესტებდა რუსულ კანონს, როგორც ყველა სხვა ახალგაზრდა, მაგრამ მან რომ კონკრეტულად, მიზნობრივად მიაყენა დაზიანება პოლიციელს, ასეთი რამ არ ყოფილა“, – თქვა ლაზარეს ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.
7-9 მარტის აქციებზე სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით სასამართლო განიხილავს კიდევ ერთი დემონსტრანტის, თორნიკე აკოფაშვილის საქმეს. გამოძიება მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავება. თორნიკეს შემთხვევაში სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად გირაო გამოიყენა.