მნიშვნელოვანისიახლეები

ლაზარე გრიგორიადისის პროცესი რომელიც მოსამართლის შვებულების გამო გადაიდო 28 მარტს ჩაინიშნა

2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმის დასკვნითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 მარტს დაინიშნა – ინფორმაციას ადვოკატებზე დაყრდნობით ბრალდებულის ოჯახი ავრცელებს. საქალაქო სასამართლოს პროცესების განრიგში ზვიად შარაძის არცერთი მიმდინარე საქმე არ იძებნება 29 თებერვლის დღის 12 საათისთვის.
“ვისაც გაინტერესებთ ლაზარეს პროცესის შესახებ…ამ წამს ვესაუბრე ადვოკატს და 28 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა სასამართლო! თავის ოქროს დაბადების დღეს იქ შეხვდება, 22 მარტს”, – წერს გრიგორიადისის დედა Facebook-ზე.
გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა 22 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე შვებულებაში გავიდა, რის გამოც პროცესი გადაიდო. ბოლო სხდომა ამ საქმეზე 15 იანვარს გაიმართა.

დასკვნითი სხდომის შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ საქმის განხილვა დასრულებული იქნება. მოსამართლეს შეუძლია განაჩენი ან იმავე სხდომაზე გამოაცხადოს, ან სათათბიროდ გავიდეს გადაწყვეტილების გამოსატანად.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის ერთი წელია გრძელდება – მას წინასწარი პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა. გრიგორიადისის დაცვის მხარე პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობს. პროცესის დასაჩქარებლად, 2023 წლის დეკემბერში მათ უდავოდ გახადეს პროკურატურის 10-ზე მეტი მოწმის ჩვენებები, 15 იანვარს კი უარი თქვეს სასამართლოში საკუთარი მოწმეების გამოკითხვაზეც.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. მისი საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მეცხრე თვეა გრძელდება – ეს დრო სასამართლოს მხოლოდ პროკურატურის მტკიცებულებების გამოსაკვლევად დასჭირდა.
ლაზარე გრიგორიადისის საქმე – ხელისუფლების შურისძიება
მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 25 სექტემბერს სასამართლომ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2 წლის წინ მამის დაჭრის ფაქტზე.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ლაზარეს ადვოკატები და ოჯახი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს.

ამავე დროს, ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ ბრალდებულად ცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლემ მას გასული წლის 25 სექტემბერს 1,6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button