მნიშვნელოვანისიახლეები

“ლაზარეს თავისუფლებისთვის” – აქცია კანცელარიასთან

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან დაკავებული აქტივისტის,21 წლის ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება.

აქციის ორგანიზატორები ევროპული საქართველო, ტაბულა, თავისუფლების ინსტიტუტი და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება არიან.

ორგანიზატორების თქმით, “ლაზარე გრიგორიადისი ხელისუფლებამ შეარჩია იმ ნიშნით, რომ მისი სტილის გამო, მისი დემონიზება იოლი იქნებოდა”.

“ლაზარეს დაკავება მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

როგორც აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, ხელისუფლებას სურს ლაზარე გრიგორიადისის დასჯა, რადგან ის სწორედ იმ თაობას წარმოადგენს, რომელმაც “აქციებს ძალა და ხიბლი სესძინა”.
როგორც აქციის ორგანიზატორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე აჩვენებენ ფილმებს – „დაუსჯელი დანაშაული“ და „ქართული თუ რუსული“ ოცნება.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

“გამოცხადებული სატანისტის დაჭერის ქრონიკას ვისმენდით 7-9 მარტის შემდეგ – მთელი პერიოდი. ბოლოს, როგორც ჟანრის კანონი ივარაუდებდა, მოხდა კიდევაც. რეალურად ეს ბავშვი არ ზის ციხეში იმიტომ რომ რაღაც დააშავა. ეს ბავშვი ციხეში ზის იმიტომ, რომ სამაგალითოდ დაისაჯოს იმ თაობის წარმომადგენელი, რომელმაც ძალა და მომხიბვლელობა შესძინა ჩვენს აქციას. 10 წელია აქციებზე ვდგავარ, რაც ქართული ოცნება მოსულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიური ვარ და ბევრი კარგი იდეა მომდის, არ ვძენ ისეთ მომხიბვლელობას და ძალას აქციებს, როგორც იმ თაობის მონაწილეობამ შესძინა, რასაც წარმოადგენს ლაზარე. ეს არის ხელისუფლების ამოცანა. მათ ეშინიათ პროტესტის. ამიტომ ამოარჩიეს ის ადამიანი, ვის დემონიზებასაც, ჩათვალეს, რომ მარტივად შეძლებდნენ, და ჩვენი მთავარი ამოცანაა სწორედ ამის ჩვენებაა, რომ რეალურად ამ სტილის გამო ამ ბავშვის დემონიზებას ვერ შეძლებენ. პირიქით ეს სტილი გახდება წამყვანი სტილი ამ ქვეყანაში და ვერ მოახერხებენ ამას”, – ამბობს ჩერგოლეიშვილი.

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი შერჩევითი სამართლის მსხვერპლია.

ბოკერია მთავრობის კანცელარიასთან იმყოფება, სადაც გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია უნდა გაიმართოს.

„ჩემთვის და ჩემი თანამოაზრეებისთვის, ყველა ფაქტორი გვერდით რომ გადავდოთ, აღშფოთების მიზეზი იყო ის ამაზრზენი საქციელი, რაც ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისგან ვიხილეთ, კობახიძისგან და სხვებისგან, როცა ეს ბიჭი, რომელიც ციხეში გაუშვეს, ამაზრზენი დემონიზების კამპანია მიაყოლეს, საუბარია სატანიზმზე, ალტერნატიულ ორიენტაციაზე. თუ რამეს შეიძლება ბოროტება დაარქვა, არის საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის ამ შხამის დათესვა 21 წლის ბიჭის წინააღმდეგ. ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი, თუ რატომ იქცა ამ ბიჭის ამბავი პრინციპულ საკითხად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ბიჭის მიმართ მტკიცებულებები შემოწმდება და აღმოჩნდება, რომ ეს მტკიცებულებები რეალურია, უზარმაზარი საკითხი რჩება შერჩეული სამართლის, როცა წლებია, ვხედავთ რეჟიმის მიერ დაორგანიზებულ შავრაზმულ პუტინისტურ ბრბოს, რომელიც ყველგან დაუსჯელად ძალადობს. ეს ორი მიზეზი საკმარისია, რომ ეს იყოს ჩვენი პრინციპული საკითხი პროტესტის გამოსახატად”, – განაცხადა ბოკერიამ.

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ორიენტაციაარეული” უწოდა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button