მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლეჩურის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსახლეობა საჭმელს ხშირად ნახშირსა და შეშის ღუმელზე აკეთებს.

” ოცდამეერთე საუკუნეში კიდევ გაზი არ გვაქვს. ვისაც ავტომობილი ჰყავს, ის ახერხებს გაზი იყიდოს. ოჯახების უმრავლესობა ნახშირსა და შეშის ღუმელს იყენებს. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს- ” ამბობს ლეჩურში მცხოვრები ლაურა თეთრაული.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი, დავით ქსოვრელიშვილი რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ გაზიფიცირების საკითხი მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს.

” მუნიციპალიტეტში მხოლოდ ლეჩური და თეთრწყლებია, სადაც გაზი არ არის. გაზიფიცირების საკითხი სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს და ამაში ჩვენი მაჟორიტარია ჩართული. კონკრეტული გადაწყვეტილებები ალბათ იქნება მიღებული, რადგან ყველა სოფელში გაზის შეყვანა უდაოდ უნდა მოხდეს”- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.

მაღალმთიან სოფელ თეთრწყლების მოსახლეობისათვის, თხევადი გაზის მიწოდების პროგრამას თელავის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.

მდინარე სტორის ნაპირას გაშენებული ლეჩური მსგავსი პროგრამით ვერ სარგებლობს, რადგან მას მაღალმთიანი სოფლის სტატუსი არ აქვს.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 88 ადამიანი ცხოვრობდა. ადგილობრივები, ძირითადად, ფშავიდან არიან ჩამოსახლებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button