მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აჭარაში COVID-სასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარაში COVID-სასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვირუსული ინფექცია გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

სამინისტროს ცნობით, პაციენტს ახალი კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა, იგი იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის COVID-სასტუმროში გადაიყვანა. 41 წლის ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლიაა.

“პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ”. – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, დღეს, 15 ოქტომბერს, 5 პაციენტი გარდაიცვალა, 208 კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსი სულ 14 440 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button