მნიშვნელოვანისიახლეები

„ლელო – ძლიერი საქართველო“ს თქმით გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“

ძლიერი საქართველო აცხადებს, რომ მათ წევრ გრიგოლ გეგელიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლიბა დაეკისრება ქართულ ოცნებას.

“დღეს ლელო – ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა.

გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ.

ლელო – ძლიერი საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.

პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლიბა დაეკისრება ქართულ ოცნებას – როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას!” – ნათქვამია განცხადებაში.

“ძლიერი საქართველოს” წევრს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ – ინფორმაციას მედიას პრესსამსახურში უდასტურებენ:

“მშობლების სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმა. ვიდეოს უღებდნენ და პროვოცირებას სიტყვიერი შეურაცხყოფით ცდილობდნენ, შემდეგ მანქანა გააჩერა და თავს ფიზიკურად დაესხა. იყო ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა, გრიგოლმა წინააღმდეგობა გაუწია და ამის მერე თავდამსხმელი გაიქცა. მსუბუქი დაზიანებები აქვს თავის არეში, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. სასწრაფო და პოლიცია ახლაც ადგილზეა” – ამბობს ჟურნალისტთან საუბარში პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი

მოგვიანებით, თავდასხმის დეტალები თავად გეგელიამ გაიხსენა:

“…ამ ლაჩარ, მხდალ კაცს არაფერი გამოუვიდა. პოლიციას გადავეცი მანქანის ნომერი და ამ საქმეს ბოლომდე მივყვები. ის უნდა დაისაჯოს იმისთვის, რაც გააკეთა. ეს თავდასხმა არაფერი არ არის. თავის არეში რამდენჯერმე დამარტყა, მაგრამ არაფერი არ არის, არაფერი გამოუვიდა და არაფერი არ გამოუვა. ჩვენ არ ვართ კობახიძეები, ჩამალულები 25-კაციან დაცვაში, საკუთარი ჩრდილის რომ ეშინიათ. ვერანაირი მუშტი ვერ შეგვაშინებს. სასაცილოდაც არ მყოფნის “ქართული ოცნება”, მისი ტიტუშკები და მისი გონება არეული მომხრეები. ვუთვლი აქედან.

…წამოვედი ამ გზით, გადმოვედი კიბით, მოვუყვებოდი აღმართს. ამ დროს ხსენებული პირი დამეწია მანქანით, ნელი სვლით, მას უკვე ჰქონდა გამზადებული მობილური ტელეფონი, რომელიც იწერდა ვიდეოს. შესაბამისად, ლოგიკურად ჩანს, რომ მას უკვე ვყავდი იდენტიფიცირებული და მიზანში ამოღებული. ეს არ იყო შემთხვევითი შეხვედრა. მან მკითხა, ხომ ვარ პოლიტიკოსი, კი ბატონო, გისმენ-მეთქი… ამ დროს გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, შეფურთხებაზე. ერთი ადამიანი იმყოფებოდა. წინ ერთი იჯდა, უკან დაბურული იყო. არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ერთზე მეტი იყო. შემდეგ სცადა ყველაფერი, რომ ესკალაცია მომხდარიყო – სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეფურთხება. ის აპელირებდა იმაზე, რომ მიშა სააკაშვილს მომხრეებს ოჯახშიც კი ლანძღავს. რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს მისი საქმეა და ყველაზე დიდი მომხრე სააკაშვილს “ოცნებაში” უზის”, – ამბობს გრიგოლ გეგელია. პარტია „ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის შეფასებით, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმა ტოქსიკური კლიმატის შედეგია, რომელიც ქვეყანაში არალეგიტიმურმა ძალამ შექმნა, რომელიც საზოგადოებას და სახელმწიფოს ყოველდღიურად არყევს.

„გრიგოლ გეგელიას ეს თავდასხმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეაშინებს. ამ არალეგიტიმური დაჯგუფების ამაზრზენი სახის კიდევ ერთი დემონსტრირება, როდესაც სახლიდან მეუღლესთან ერთად გამოსულ ადამიანს ხვდებიან ვიღაც კრიმინალური ელემენტები, მას ფიზიკურად უსწორდებიან. ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკოსებს, არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და წინააღმდეგია, ამ არალეგიტიმური, არაქართული ძალის, რასაც ჰქვია ივანიშვილის „ქართული ოცნება“, სხვადასხვა ფორმით ფიზიკურად უპირისპირდებიან, უსწორდებიან, ყველას შევიწროება მიმდინარეობს. გრიგოლ გეგელიაც და ბევრი სხვა ადამიანიც აუცილებლად საკადრის პასუხს გასცემს ჩვენი სიმშვიდით, ჩვენი თანმიმდევრულობით, ჩვენი თანმიმდევრული ბრძოლით, რომელშიც ვართ ჩართულები“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button