რა კითხვები აქვს საიას ლექსო ლაშქარავას საქმეზე

ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას, ოჯახის უფლებებს ,,საია” იცავს.
,,საიას” თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ შსს მიერ ცხედრის გატაცების შემდეგ შესაძლოა, გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის ზემოქმედება მოეხდინათ.
თითქმის 4 საათი ცხედართან წვდომა არ ჰქონდა არც ჩვენს ადვოკატს, პროცედურებზე წვდომა არ ჰქონდა, არც დამოუკიდებელ ექსპერტს, აქედან გამომდინარე, თუ იქ იყო ფორმალური პროცედურა, ნებისმიერ დროს შეეძლო, ჩვენს ადვოკატს დასწრებოდა. ისმის კითხვა, ხომ არ შეიძლება, ამ ოთხი საათის განმავლობაში მომხდარიყო რაიმე ფორმით მანიპულირება ლექსოს ცხედარზე და ამ მანიპულაციას სხვა შედეგი შეიძლებოდა თუ არა, გამოეწევია. ნებისმიერი სახით შემოწმდება მის სხეულში რაიმე ნივთიერების შეყვანა და ა.შ. ბევრი კითხვა შეიძლება, აქ დაისვას, – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მას რამდენიმე დღით ადრე, 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა სცემეს და სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ოპარაციების ჩატარების შემდეგ ის სახლში გამოწერეს, რამდენიმე დღეში კი დედამ გარდაცვლილი იპოვა.
იმის მიუხედავად, რომ ექსპერტიზა არ დასრულებულა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა გარდაცვალების ვერსია და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე მიანიშნა.