მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ლექსო ლაშქარავას ცემის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

.
TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცემის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული გ.გ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისში, ორგანიზაცია “სირცხვილიას” ოფისში ტელეკომპანია “ტვ პირველის” ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 29 პირი, კერძოდ:

ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 25 პირი;
“თბილისი პრაიდის” ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;

1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button