ლევან ჯიქური სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

20/21 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური სასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა.
ლევან ჯიქურის ოჯახის წევრების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დღევანდელ სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.
ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა, ვინაიდან პროკურორ ვაჟა თოდუას განმარტებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მტკიცებულებებს უდაოდ სცნობს და ამას გარდა, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის თანახმად, ლევან ჯიქურს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს.
20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს.