მნიშვნელოვანისიახლეები

ლევან ხაბეიშვილი “ენმ”ს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა რამდენიმე დრის წინ გაახმოვანეს და მოითხოვეს „ნაციონალური მოძრაობაში“ შიდადემოკრატიული არჩევნები, სადაც მხარდამჭერების მიერ არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, საკრებულოს წევრებმა და ასევე მხარი დაუჭირა რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების დიდმა ნაწილმა. არჩევნების მზაობა გამოთქვა პარტიის ხელმძღვანელმა, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შედეგად ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა. ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის გასაძლიერებლად“, – აცხადებს ხაბეიშვილი.

მისივე შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია „ვარდების რევოლუციის“ იდეალები.

„ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური, უკომპრომისო მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში. ჩემი მიზანია „ნაციონალური მოძრაობა“ დავუბრუნო იმ ხალხს ვისაც ეს ეკუთვნის – მის ამომრჩეველს, მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსი ოლიგაქრის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია „ვარდების რევოლუციის“ იდეალები, იმ ადამიანებს, ვინც უამრავი წნეხის, დევნის მიუხედავად არ შეუშინდა არაფერს და მზად არის თავი გაწიროს ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის, ვის მაგალითსაც ჩვენი სამხედროები უკრაინაში მთავარი მტრის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ ყოვედღიურად გვაჩვენებენ. მინდა ხელი გავუწოდო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, ერთობა, ვისაც ცვლილებების, გაძლიერების სურვილი აქვს და უნდა, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს რუსი ოლიგარქის, კრიმინალური რეჟიმის დამარცხებაში“, – აცხადებს ხაბეიშვილი.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული იყო ნიკა მელიას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩალაძის კანდიდატურები.

მსგავსი პოსტები

Back to top button