ლევან ვასაძე და 116 000 ლარის ჩოხა თავდაცვის სამინისტროსთვის
თავდაცვის სამინისტრომ 80 ჩოხა-ახალუხის შესაძენად 116 000 ლარი გამოყო. როგორც ირკვევა, თანხა “სამოსელმა პირველმა” მიიღო, რომლის მფლობელიც ლევან ვასაძის დაა.
“ფლანგვის დეტექტორი” უკონკურენტო შერჩევაზე ამახვილებს ყურადღებას და ამაში კორუფციის ნიშნებს ხედავს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, კომპანიას 107 გამარტივებულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მათგან შემსყიდველების უმეტესობა სახელმწიფო დაწესებულებაა.
“თავდაცვის სამინისტრომ 80 კომპლექტი ჩოხა-ახალუხის შესაძენად 9 მარტს ტენდერი გამოაცხადა. შესასყიდ თანხად, 116 000 ლარი განისაზღვრა.
წინადადების მიღება 12 მარტს დასრულდა და ერთადერთი კონკურსანტი ლევან ვასაძის დის დაფუძნებული კომპანია “სამოსელი პირველი” იყო. თამარ ვასაძე კომპანიაში 85%-იან წილს ფლობს.
ამ დროისთვის, შესყიდვის სტატუსი შერჩევა/შეფასებაა, რაც იმას ნიშვნავს, რომ ხელშეკრულება ჯერჯერობით არ გაფორმებულა. ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს 80 კომპლექტი ჩოხა-ახალუხის შეძენა სურს, რომელიც მოიცავს: ნაცრისფერ ჩოხას, თეთრ და შავ ყაბალახს, თეთრ და შავ ახალუხს, 2 ცალ შავ გალიფეს, 20 ცალ მასრას, ქამარს, შალითასა და ხანჯალს.
“სამოსელი პირველიდან” ნივთები უწყებებს, სააგენტოებსა და თვითმმართველობის ორგანოებს აქამდეც შეუძენიათ. 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, კომპანიას 107 გამარტივებულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მათგან, შემსყიდველების უმეტესობა, სახელმწიფო დაწესებულებაა. ამ პერიოდში მაღაზიას ჯამურად 135 365 ლარი აქვს მიღებული”. – აცხადებენ “ფლანგვის დეტექტორში”.