მნიშვნელოვანისიახლეები

“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ მომზადებული საკანონსტიტუციო ცვლილებები ინიცირებულია

საპარლამენტო უმრავლესობის 83 დეპუტატის სახელით საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. პარლამენტში ამ საკითხის მომხსენებლები იქნებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი და გივი მიქანაძე. დარეგისტრირებულია ორი საკონსტიტუციო ინიციატივა.

დოკუმენტს საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წარმომადგენელი აწერს ხელს პარტიებიდან „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც.

იმის მიხუხედავად, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები, კანონპროექტის ინიციატორი 83 დეპუტატი აცხადებს, რომ „კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს“.

“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილია როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.
25 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაშიც პროპაგანდის აკრძალვის საფუძვლით შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები.

კონსტიტუციური კანონის პროექტით, მმართველი გუნდი შემდეგი შეზღუდვებისა და აკრძალვების შემოღებას გეგმავს: –

კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.

არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.

აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.

სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.

ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.

აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

პარტია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არ აქვს კონსტიტუციის შესაცვლელად საჭირო ხმების რაოდენობა. მდინარაძემ თქვა, რომ თუკი კონსტიტუციის შესწორებას ამ მოწვევის პარლამენტში ვერ შეძლებენ, „ქართულ ოცნებას“ იგივე მიზანი ექნება მომავალ პარლამენტში, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში აირჩევა.

კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა შეუძლია ერთი მოწვევის პარლამენტს, თუ პროექტს მხარს დაუჭერს 113 დეპუტატი. თუ ცვლილებების მომხრე იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 ხმა), მაშინ საჭირო იქნება მომდევნო პარლამენტის მხარდაჭერაც. ამ შემთხვევაშიც არანაკლებ 100 ხმა.
ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებიდან და კონსტიტუციურ კანონპროექტიდან გამომდინარე, ახლო მომავალში პარლამენტში რამდენიმე კანონში ცვლილებების პროექტი დაინიცირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button