მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანა

დღეს დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა. მიკოლაივის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რაკეტები სამხრეთიდან გაუშვეს.
აფეთქებებია ჩერკასის, ხმელნიცკის, კიევის, როვენსკისა და ვოლინსკის ოლქებში.
ყველა ჩამოთვლილ რეგიონში ამუშავდა საჰაერო თავდაცვითი სისტემები.

გამოცემა Suspilne Lutsk-ის ცნობით, მიკოლაივში რამდენიმე აფეთქება მოხდა და თავდასხმის შემდეგ ქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები ასევე ისმოდა ვოლინის ოლქის ქალაქ კოველში. ქალაქს, ისევე როგორც ლუცკს, არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი.

ამასთან, კიევის საოლქო- სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი თავშესაფრებს შეაფარონ.

აფეთქებების შესახებ იუწყება ხმელნიცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გამალიც. ხმელნიცკის საკრებულოს ცნობით, ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა.

მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმის ოდესის ოლქშიც.

ამასთან, ჩერნოვცის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რუსლან ზაპარანიუკის ინფორმაციით, დნესტროვსკის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავმა რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც ტბაში ჩავარდა.

აფეთქებების ხმა ისმის სუმის ოლქშიც. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი ჟივიცკის განცხადებით, ტერიტორიაზე მაშველები მუშაობენ, რომლებიც აღმოჩენილი საბრძოლო მასალის დაგეგმილ განადგურებას ახორციელებენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ლვოვის ოლქში აფეთქებების შესახებ. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ დაადასტურა, რომ რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. უკრაინის მასიურ დაბომბვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა.

“მორიგი სარაკეტო თავდასხმები ტერორისტების მხრიდან, რომლებიც ებრძვიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ხალხს. არაუშავს, გავუძლებთ. რუსების ოცნება, შეაჩერონ უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლება – ინფანტილურია. ჩვენ მხოლოდ ყოველ დღე უფრო ვბრაზდებით და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო ძლიერ პასუხს გავცემთ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.

ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა იერიში განახორციელეს ნიკოლაევსა და დნეპროპეტროვსკზე. უკრაინის გვარდიის ინფორმაცით, რუსულმა ძალებმა ბახმუტის მშვიდობიანი მოქალაქეები კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button