მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლიეტუვის პარლამენტმა რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო

ლიეტუვის პარლამენტმა, სეიმმა, უკრაინაში მებრძოლი რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო. ამის შესახებ ლიეტუვის ტელეკომპანია LRT იტყობინება. ეს ევროკავშირის ქვეყნებში პირველი შემთხვევაა, როცა „ვაგნერს“ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებენ.

როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, „ჯგუფ ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები საფრთხეს წარმოადგენენ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „ვაგნერი“ სჩადის მრავალრიცხოვან დანაშაულებს, მათ შორისაა სამოქალაქო პირების მკვლელობები და წამება და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები, რაც ტერორიზმს შეიძლება გაუთანაბრდეს.

დოკუმენტში მითითებულია, რომ „ვაგნერი“ საკუთარ თავს კი უწოდებს კერძო სამხედრო კომპანიას, მაგრამ ის მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის სახელმწიფოსთან, მისგან იღებს შეიარაღებას და ამუნიციას, „ვაგნერის“ მებრძოლებს სავარაუდოდ წვრთნიან რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები. რეზოლუცია შეიცავს ასევე სხვა ქვეყნებისადმი მოწოდებას, მისდიონ ლიეტუვის სეიმის მაგალითს.

რეზოლუციას არა აქვს პირდაპირი იურიდიული შედეგები. ევროკავშირში არის ტერორისტული ორგანიზაციების ერთობლივი სია, რომელშიც არ შედის „ვაგნერი“. ამასთან, ორგანიზაციისა და მისი დამაარსებლის, ევგენი პრიგოჟინის, წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული.

2023 წლის იანვარში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოაცხადა უკრაინის ომში მონაწილეობისთვის და მრავალრიცხოვან სამხედრო დანაშაულებზე ეჭვისთვის უკრაინაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. ამასთან, აშშ-ის მთავრობა ეწინააღმდეგება „ვაგნერის“ შეყვანას ტერორისტული ორგანიზაციების სიაში, თუმცა კონგრესში გაისმის ამის თაობაზე მოწოდებები. „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა კანადის პარლამენტმაც.

„ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ამჟამად აქტიურად მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში ბახმუტში, დონეცკის ოლქში. ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის ერთი წლის განმავლობაში აქტიურად გამოდის მედიაში. ის იცავს მოსაზრებას, რომ მისი ორგანიზაცია რუსეთის სამხედრო ძალების ყველაზე ეფექტიანი ნაწილია. ამავე დროს ის აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო მოხელეებს. პრიგოჟინს არც უარუყვია და არც დაუდასტურებია „ვაგნერის“ ყოფილი მებრძოლის, ევგენი ნუჟინის უროთი მკვლელობის ფაქტი. მან დაადასტურა „ვაგნერში“ საბრძოლველად რუსეთის კოლონიებიდან მრავალი პატიმრის მიწვევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button