ლიკვიდირებულია დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა
ბეირუთში, „ჰეზბოლას“ შტაბ-ბინაზე, სადაც ორგანიზაციის ლიდერი ჰასან ნასრალა იქნა ლიკვიდირებული, 80-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს, რომელთა საშუალო ასაფეთქებელი მასა ერთ ტონას შეადგენდა. ასევე, გამოყენებული იქნა ბომბები, რომლებიც ბუნკერებში აღწევს. ინფორმაციას Ynet-ი ავრცელებს.
ისრაელის არმიის წარმომადგენელმა „ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაციის ოპერაციას “ახალი წესრიგი” უწოდა. გენერალური შტაბის უფროსმა ჰერცი ჰა-ლევიმ კი, აღნიშნა, რომ ნასრალას ლიკვიდაციის ოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში იყო მომზადებული და თავდასხმა მოულოდნელად მოხდა.
Sky News-ის ცნობით, „ჰეზბოლას“ ლიდერის მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ირანის უზენაესი ლიდერი ხამენეი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
გავრცელებული ცნობებით, ხამენეის ირანის ტერიტორია არ დაუტოვებია და იმ ადგილას, სადაც გადაიყვანეს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.
IRGC-ს ტელეგრამ-არხი კი, იუწყება, რომ ირანი ლიბანში მოხალისე ჯარების გაგზავნისთვის ემზადება.
Asharq Al-Awsat-ის ცნობით, „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელობის მთავარი კანდიდატი ნასრალას ბიძაშვილი და IRGC Sepah-e-Qods-ის ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სიძე ჰაშემ საფი ალ-დინია.
ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა.