მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

კახეთში მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდების უმეტესობა არ მუშაობს

კახეთის რეგიონის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი უწყებებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი ვებგვერდები არ მუშაობს.

ზოგ საიტზე ბოლო განახლება 2016 წლით თარიღდება. არადა, ვებგვერდების დანიშნულება მოსახლეობის მეტი ინფორმირება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართვა და ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობა უნდა ყოფილიყო.

მაგალითად, თუკი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საიტზე შევალთ, ყველაზე ახალი ინფორმაცია 2018 წლის 13 თებერვლით თარიღდება. უფრო ადრე დადებული ინფორმაცია კი გვაუწყებს, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაამტკიცეს. საერთოდ არ იხსნება საჯარო ინფორმაციის განყოფილება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მადონა ბატიაშვილი გვეუბნება, რომ საიტი ადამიანური რესურსის პრობლემის გამო ვერ მუშაობს. ბატიაშვილის თქმით, ადამიანი, რომელიც ამ საქმისთვის გადამზადდა, დღეს მერიაში აღარ მუშაობს.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები აქვთ კომპანიასთან, რომელიც ახალ თანამშრომელს მოამზადებს.

როდის ამუშავდება ვებსაიტები, რომელმაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაც უნდა გაზარდოს, ეს ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კვლავ დაბალია მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც.

მოქალაქეთა ნაწილი მიზეზად ასახელებს წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატების მხრიდან უყურადღებობას. იმასაც ამბობენ, რომ კონკრეტული პრობლემის მოგვარება მოითხოვეს, თუმცა მათგან ქმედითი პასუხები ვერ მიიღეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button