მნიშვნელოვანისიახლეები

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. ამ დროისთვის, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო ათობით ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. ხანძარი ორსართულიან შენობაში გაჩნდა, სადაც სასაწყობე და კომერციული მაღაზიებია განთავსებული.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის საწყობის ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.
ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი დაახლოებით 2 საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.

სავაჭრო ცენტრის მთელი ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა – შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა. როგორც ცნობილია, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„ლილო მოლში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოვაჭრეები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ცეცხლი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, სადაც ძირითადად ნაძვის ხეებისა და ტანსაცმლის საწყობები იყო განთავსებული.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის ტერიტორია ყველამ დროულად დატოვა და დაშავებული არავინაა.

ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, თუ რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა, ერთ-ერთი მოვაჭრე ჯურნალისტთან ხანძრის მიზეზებზე საუბრისას ამბობს, რომ ცეცხლის გაჩენის დროს ტერიტორიაზე შედუღების აპარატს იყენებდნენ.

ამასთან, ხანძარში მოყოლილი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, საკუთრება დაზღვეული ჰქონდათ.

ადგილზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 120-ზე მეტი მეხანძრე მაშველი და 22 ავტოცისტერნაა ჩართული.

ეს არ არის თბილისში მდებარე ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის პირველი შემთხვევა. წლების წინ ხანძრის შედეგად დაიწვა ვარკეთილსა და სადგურის მოედანზე განთავსებული სავაჭრო სივრცეებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button