ლიმანი ბახმუტი ავდეევკა და მარინკა-სასტიკი ბრძოლა თავისუფლებისთვის

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 31 სარაკეტო და 57 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 96-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
გენშტაბის ინფორმაციით, ეს-300 ტიპის 2 რაკეტით დარტყმა იყო დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკის და 2 რაკეტით “კალიბრი” – ქალაქ ნიკოლაევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. გენერალური შტაბის მონაცემებით, სარაკეტო დარტყმებისთვის რუსეთმა გამოიყენა აერობალისტიკური რაკეტები „კინჟალიც“ და სახმელეთო ბაზირების რაკეტები ეს-400 და „ისკანდერი“. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, თავდაცვის ძალებმა 25 რუსული რაკეტა გაანადგურეს.
რუსულმა ავიაციამ 11 დარტყმა მიაყენა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს კუპიანსკის მიმართულებით, განაცხადა რუსული Zapad ჯგუფის პრესცენტრის ხელმძღვანელმა სერგეი ზიბინსკიმ.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში – ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში 55 შეტაკება მოხდა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა. მძიმე ბრძოლა გრძელდება ქალაქ ბახმუტისთვის.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, როგორც ჩანს, რუსეთმა გადაწყვიტა ბახმუტის რაიონში ტაქტიკური შეტევის გაძლიერება, უკრაინის ლოკალური კონტრშეტევების მიუხედავად.
ცენტრის ექსპერტები 16 მაისს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ უკრაინის ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს უშუალოდ ბახმუტში და ქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთში.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს რუსული წყაროებით გავრცელებულ ცნობებზეც ბახმუტის რაიონში დამატებითი ძალების გაგზავნის შესახებ, რაც ადასტურებს შეტევის გაძლიერების გადაწყვეტილებას. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, 16 მაისის მდგომარეობით, ბახმუტში და ქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთში გარკვეული წარმატება ჰქონდა რუსეთის ჯარსაც.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა 16 მაისს, საღამოს განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა ბახმუტის შემოგარენში, ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებით გაათავისუფლეს 20კმ² ტერიტორია. ამასთან, მალიარის ინფორმაციით, უშუალოდ ბახმუტში გარკვეული წინსვლა ჰქონდათ რუსეთის საოკუპაციო ძალებს, რომლებიც ქალაქს არტილერიით მთლიანად ანადგურებენ.
გუშინ, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები 3 დღეა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ.
ამასთან ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი ბახმუტში შეტევითი ოპერაციების გაძლიერებას ცდილობს.
“რუსეთმა გადაწყვიტა გააძლიეროს ტაქტიკური შეტევა ბახმუტის რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა აქცენტს აშკარად ადგილობრივ კონტრშეტევებზე აკეთებს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ერთ-ერთმა რუსმა სამხედრო მეთაურმა განაცხადა, რომ ოთხი რუსული ბატალიონი ბახმუტის გარშემო ფლანგებზე განლაგდა, რათა უკრაინული გარღვევა თავიდან აიცილონ.
“ბახმუტის რეგიონში რუსული ძალების გადაყვანის შესახებ ცნობები ვარაუდობს, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ იქ შეტევითი ძალების შექმნას. რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, ბოლო კვირებში პრიორიტეტების შეცვლა გადაწყვიტა, რათა უკრაინის შესაძლო კონტრშეტევისთვის მოემზადოს”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.