ლიპარტელიანი, ინჯია და ელისაშვილი ოცნებიდან “ჯანსაღ ოპოზიციად” გადადიან
სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა დღეს, 5 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გადაწყვიტეს, დატოვონ უმრავლესობა და ოპოზიციის სტატუსით გააგრძელონ მუშაობა.
ილია ინჯიამ ბრიფინგზე თქვა, რომ მათი გაერთიანება პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ჩამოყალიბდა, მიზნად კი დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშის” და “ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნების” არდაშვება.
მუშაობის ოპოზიციონერი დეპუტატების სტატუსით გაგრძელების გადაწყვეტილებაზე ჯგუფმა მას შემდეგ განაცხადა, რაც 5 თებერვალს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს,
„როგორც იცით, მანდატები შეუწყდათ სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ეს მოცემულობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური კულტურა, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია დაკავებულია არა პოლარიზაციისა და სიძულვილის გაღვივებით, არამედ, რეალურად, საქმეზე ორიენტირებული კრიტიკით, ახალი ინიციატივების შემუშავებით, რომელიც ქვეყნის უფრო ეფექტურ მართვას და სწრაფ განვითარებას ემსახურება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ. სრულიად დავიცავით კოლეგიალობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს. რადიკალური ოპოზიციის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდეა. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება. ამასთან, ჩვენს მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულებაში, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე, წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, შევა არგუმენტირებულ კამათში უმრავლესობის წარმომადგენლებთან, საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ილია ინჯიამ.
მანვე დაამატა, რომ ჯგუფის მისიად ხედავენ “ჯანსაღი ოპოზიციის მისიის შესრულებაში, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე.”
2024 წლის დეკემბერში “ჯანსაღი ოპოზიციის” შექმნის სახელით “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობას გამოეყვნენ საკანონმდებლო ორგანოში ამ პარტიის სიით შესული “ხალხის ძალის” წევრები.
5 თებერვალს სადავო პარლამენტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რის შემდეგაც ორგანო ახლა 101 წევრისგან შედგება. გადაწყვეტილებას ტაშიც შეხვდნენ დარბაზში მყოფი “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” წარმომადგენლები.
სადეპუტატო უფლებამოსილებაშეწყვეტილებს შორის 19 „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელია, 16 – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და 14 – „ძლიერი საქართველოს“. მათ უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოითხოვეს.
ეს ოპოზიციური გაერთიანებები გაყალბებულად მიიჩნევენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომლის ოფიციალური შედეგებით უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა(89 მანდატი).
ოპოზიციამ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი თქვა და ახალ არჩევნებს მოითხოვს.
სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწერეს განცხადებები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს და ახალ არჩევნებს მოითხოვს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, „გახარია საქართველოსთვის“, რომელმაც არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიან პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.
პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ, თუმცა უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად განცხადებები არ დაუწერიათ.
საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით დაემატა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაც.
ილია ინჯია ფრიდონ ინჯიას შვილია. ფრიდონ ინჯია მე-10 მოწვევის პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდა და ოცნების სატელიტ პარტიად მიიჩნეოდა.
ილია ინჯიასთვის, ვარლამ ლიპარტელიანისა და ნიკა ელისაშვილისთვის საპარლამენტო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობის მიცემის გამო, პარლამენტის რეგლამენტი იცვლება.
XI მოწვევის პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით რეგლამენტი სპეციალურად „ხალხის ძალისთვის“ შეიცვალა და მასში ჩაიწერა, რომ ნებისმიერ შვიდ დეპუტატს, ვინც არჩევნებში წარმდგენ პარტიას დატოვებდა, პოლიტიკურ ჯგუფს შექმნიდა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ „ქართულ ოცნებას“ და უმრავლესობის რიგებს, ასევე, ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი დატოვებენ, რომლებიც პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით გააგრძელებენ საქმიანობას.
პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დასვა საკითხი, რომ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში ცვლილება პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებულ ნორმასაც შეეხოს და მისი შექმნის შესაძლებლობა შვიდის ნაცვლად, ნებისმიერ სამ დეპუტატს მიეცეს, ვინც არჩევნებში წარმდგენ პარტიას დატოვებს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებულ ინიციატივას დაეთანხმა.
ე.წ. პოლიტიკური ჯგუფი სპეციალურად X მოწვევის პარლამენტისთვის მოფიქრებული სტრუქტურული ერთეული იყო, რომელიც ზუსტად იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობდა, რაც საპარლამენტო ფრაქციას გააჩნია. თავის მხრივ, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის ინიციატივა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ფრაქციის ფორმირების წესის გათვალისწინებით, ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვერ შექმნა.