მნიშვნელოვანისიახლეები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2024 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ- საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს “საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება

ლიტერატურული კონკურსის, „საბა 2024-ის” გამარჯვებულები ცნობილია. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ფულად ჯილდოებს მიიღებენ არა მხოლოდ გამარჯვებულები, არამედ – ფინალისტებიც.

საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო, ლიტერატურული კონკურსის, „საბას“ 22-ე საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება.

„საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს „საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე „საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე გამოვავლენთ თავისუფალ, ევროპულსა და დემოკრატიულ საქართველოში. სოლიდარობას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ და უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს“, – წერია განცხადებაში.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ პროზაიკოსი ბიძინა მაყაშვილი, პოეტი პაატა შამუგია, მთარგმნელი თამარ ჯაფარიძე, ლიტერატორი გვანცა ჩხენკელი და პოეტი ლია ლიქოკელი 250-მდე წიგნი განიხილა და 10 სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული გამოავლინა:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – აინე მერმე, „ეუარა“ (“ინდიგო”);
წლის საუკეთესო კრიტიკა – ნონა კუპრეიშვილი, „საშიში ინტერპრეტაციები“ (გამომცემლობა “ინტელექტი”);
წლის საუკეთესო პიესა – გიორგი მაისურაძე, „ლეთე“ (“ინდიგო”);
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ზაზა ბურჭულაძე, „ჩემი სიმღერა“ (“სულაკაურის გამომცემლობა”);
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ დაწესებული ჯილდო “საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში” – ლაშა ბუღაძე, „საქართველოს სახელით“ (“სულაკაურის გამომცემლობა”);
წლის საუკეთესო ქართული თარგმანი – ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“ (გამომცემლობა “დიოგენე”);
წლის საუკეთესო პროზაული კრებული – მარი ბექაური, „ორ ზღვას შუა“ (“სულაკაურის გამომცემლობა”);
წლის საუკეთესო პოეტური კრებული – ბესიკ ხარანაული, „ეს საქართველოა“ (გამომცემლობა “ინტელექტი”);
ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“ წელს ორი გამარჯვებული გამოვლინდა: ბესო სოლომანაშვილი, „ლუმპენ მილენიუმი“ (“სულაკაურის გამომცემლობა”) და დავით ქართველიშვილი, „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (გამომცემლობა “პალიტრა L”);
ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცემა ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს.
კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა დროში ემთხვევა თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე ხალხმრავალ პროევროპულ აქციებს, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. მათი ცნობით, საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს “საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება.

“ორ ათწლეულზე მეტია, “საბა” ყოველწლიურად აჯამებს და აფასებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს. ლიტერატურული წლის ერთგვარი კულმინაციაა საზეიმო დაჯილდოება, რომელიც გამოავლენს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს. ტრადიციულად, წელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა ლიტერატურულმა ჟიურიმ და გამარჯვებული ავტორები გამოავლინა. საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს “საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე “საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე გამოვავლენთ თავისუფალ, ევროპულსა და დემოკრატიულ საქართველოში.

სოლიდარობას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ და უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს.

ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობა ქართული ლიტერატურის ხელშეწყობის პასუხისმგებლობას აორმაგებს და ვინაიდან წელს საბას დაჯილდოება ვერ ჩატარდება, თიბისის მხარდაჭერით, დაჯილდოების ცერემონიისთვის განსაზღვრულ თანხას სრულად მივმართავთ ფულად პრიზებზე არა მხოლოდ გამარჯვებულებისათვის, არამედ ყველა ფინალისტისთვისაც.

ლიტერატურული პრემია “საბა” 2024-ის ჟიურიში იმუშავა: პროზაიკოსმა ბიძინა მაყაშვილმა; პოეტმა პაატა შამუგიამ; მთარგმნელმა თამარ ჯაფარიძემ; ლიტერატორმა გვანცა ჩხენკელმა; პოეტმა ლია ლიქოკელმა”, – ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

დღეს, 18 დეკემბერს, პროტესტის 21-ე დღეა. ამ დროის განმავლობაში დაკავებულია 400-ზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. პოლიციამ იძალადა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე, შსს-ში კი ამბობენ, რომ დაშავდნენ მათი თანამშრომლებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button