ლონდა თოლორაიამ კომიტეტის სხდომა დატოვა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარდაქმნაზე – პარლამენტი მსჯელობას განაგრძობს.
პარალელურად, მსჯელობა გრძელდება საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეც.
ლონდა თოლორაიამ კომიტეტის სხდომა დატოვა. სახელმწიფო ინსპექტორმა მისი უწყების გაუქმების შესახებ პარლამენტის სხდომაზე კითხვები დასვა: რატომ გაიგო მან სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მედიით და რატომ არ ჩართო სამუშაო პროცესში ის ,,ქართულმა ოცნებამ”, თუმცა ინსპექტორის ყველა კითხვა მმართველმა პარტიამ დღეს უპასუხოდ დატოვა.
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, პარლამენტის წევრების სახელმწიფო უწყებების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებაზე საუბრობს. მისი თქმით, როცა ის უწყების გაძლიერების კანონპროექტზე მუშაობდა და პარლამენტთან კომუნიკაციას ცდილობდა, საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე მუშაობდა.
“15 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ და არ მახსენდება ისეთი პრეცედენტი, რომ გატარებულიყო რეფორმა იმ უწყების გარეშე, რომელსაც ეს ეხებოდა. მე მაინტერესებს ამხელა რეფორმაში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი[რატომ არაა ჩართული] და რატომ ვიგებთ წინასაახალწლოდ ამ ყველაფერს…
ეს პროცესი კანონიერებას და უწყებების მიმართ პატივისცემას არის მოწყვეტილი…” – თქვა თოლორაიამ.
მან გაიხსენა, რომ 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში, 8 ან 9 დეკემბერს, პარლამენტს აცნობა, რომ შეიმუშავა უწყების ინსტიტუციური გაძლიერების საკანონმდებლო წინადადება, რაზეც საკანონმდებლო უწყებიდან აცნობეს, რომ “დატვირთულები იყვნენ”.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარდაქმნაზე მსჯელობისას, კითხვები ჰქონდა ოპოზიციასაც:
“ეს კანონპროექტი აუცილებლად გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, ამაში ქალბატონი ლონდაც მიიღებს მონაწილეიბას. დაჩქარებულობის განსაზღვრასთან მიმართებით, აუცილებელია ამიტომ თქვენი პასუხები,”- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილმა.
პარტია “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა კი იკითხა თუ – რამდენი ხანი მუშაობდა მმართველი გუნდი ამ კანონპროექტზე? – “ვფიქრობ დღეების რაოდენობაზე მნიშვნელოვანი პრინციპების სამართლიანობაა,” – ასე უპასუხა მას პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა.
მან ასევე სხდომაზე განაცხადა, რომ სამსახური არ უქმდება და კიდევ უფრო მაღალი დამოუკიდებლობისა და ლეგიტიმაციის ხარისხით იქმნება.
“არ უქმდება ეს სამსახური – მნიშვნელოვანია. კიდევ უფრო მაღალი დამოუკიდებლობისა და ლეგიტიმაციის ხარისხით იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც უშუალოდ იქნება გარკვეულ სამოხელეო დანაშაულებებზე გამოძიებით დაკავებული.
დღევანდელ სხდომაზე, რომლსაც ინპექტორთან ერთად მესამე სექტორიც ესწრებოდა, დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
როგორც ეს ამ უწყების ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ თქვა, ინფორმაცია მედიასაშუალებიდან გახდა მისთვის ცნობილი.
კომენტარები სხდომიდან