მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლუგანსკის ოლქში, სვატოვო-კრემენაიას მნიშვნელოვან ავტომაგისტრალს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ

უკრაინაში კვლავ ინტენსიური ბრძოლები გრძელდება

უკრაინული წყაროების თანახმად, ლუგანსკის ოლქში, სვატოვო-კრემენაიას მნიშვნელოვან ავტომაგისტრალს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. ამის შესახებ წერს გამოცემა „სუსპილნე ნოვინი“, უკრაინული არმიის აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებაზე დაყრდნობით.

„ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ავტომაგისტრალი სრული საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოაქციეს და ადგილზე მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, რის შესახებაც მოგვიანებით გამოცხადდება“, – აღნიშნავს ჩერევატი.

სვატოვო-კრემენაიას ავტომაგისტრალზე საცეცხლე კონტროლის დამყარება, “უნიანის” თანახმად, ასევე დაადასტურა ლუგანკსის ოლქის ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი გაიდაიმ. „ცუდი ამინდის მიუხედავად, როცა რამდენიმე დღეა წვიმს, მაინც გვაქვს წინსვლა. მცირედი, მაგრამ არის წინსვლა“, – დეტალების დაკონკრეტების გარეშე ამბობს გაიდაია, “უნიანის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კეთდება მინიშნება გარკვეული დასახლებების დეოკუპაციის შესახებაც. „უკრაინსკაია პრავდა“ გაიდაის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „მომავალ კვირაში სამხედროებს უკვე ექნებათ უფლება გაავრცელონ გარკვეული ფოტო- და ვიდეომასალები „ლუგანსკის ოლქის დეოკუპირებული რაიონებიდან“.

მანამდე, ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ფრონტის ეს მონაკვეთი პრიორიტეტული იქნებოდა რუსეთის არმიისთვის, რადგან ისინი გრძნობენ კრემენაიას ალყაში მოქცევის საფრთხეს.

„უნიანის“ თანახმად, მხარეები ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობას ბელოგოროვკაში, რაც მიუთითებს შეტევით ოპერაციაზე კრემენაიას სამხრეთით.

მანამდე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველომ გამოაქვეყნა განცხადება 23 ოქტომბერს დასახლება ნევსკოეს გათავისუფლების შესახებ. ნევსკოე კრემენაიას ჩრდილო-დასავლეთით, 30 კილომეტრის მანძილზე მდებარებს. ეს ინფორმცია სამხედრო ბლოგერებმა 25 ოქტომბერს დაადასტურეს.

ამასთან ლუგანსკის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი გაიდაის თქმით, ლუგანსკის ოლქში საომარი მოქმედებები ისვე გრძელდება. რთული ბუნებრივი პირობების მიუხედავად, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს და 3 დასახლებული პუნქტი, რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. მისივე თქმით, დეოკუპირებულ დასახლებებში შესვლა ჯერჯერობით აკრძალულია, რადგან ოკუპანტებმა ტერიტორია სრულად დანაღმეს.

“ლუგანსკის ოლქში ისევ გრძელდება საომარი მოქმედებები, ჩვენ ნელ-ნელა მივიწევთ წინ, თუმცა გარკვეული შეფერხებებიც გვაქვს რაც მოსალოდნელი იყო. მთავარი წინააღმდეგობა ახლა რთული ბუნებრივი პირობებია, ფაქტობრივად განუწყვეტლივ წვიმს, რაც აფერხებს საომარ მოქმედებებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ოლქში 3 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია ჯერჯერობით იქ შესვლა აკრძალულია, ვინაიდან ოკუპანტებმა ტერიტორია სრულად დანაღმეს, ასევე არ წყდება საჰაერო იერიშები. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში ამ ტერიტორიის სრული გაწმენდა მოხერხდება და მოსახლეობას საკუთარ სახლებში დაბრუნდება” – ამბობს გაიდაი.

ცნობისთვის, ლუგანსკის რეგიონში დეოკუპაციის დაწყების შესახებ 5 ოქტომბერს, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button