მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„ლუკა სირაძის საქმეში მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება დანაშაულის წაქეზებაა“

ლუკა სირაძის საქმეში მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება უსამართლო გადაწყვეტილება იყო, აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი. საია გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ინტერესების დამცველია. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ეს დანაშაულის წაქეზებაა.

„ჩვენ ძალიან აღშფოთებულები და გაბრაზებულები ვართ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენ ვნახეთ მარიანა ჩოლოიანთან დაკავშირებით და მორიგ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ლუკა სირაძის საქმეში ვნახეთ. ეს არის არა ამ საქმესთან დაკავშირებით მიღებული მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება, არამედ ესაა პირდაპირი წაქეზება ნებისმიერი იმ დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ ნებისმიერი ჩვენგანის მიმართ და ისინი დაუსჯელები დარჩნენ”, – აღნიშნავს სიმონიშვილი.

სიმონიშვილი ამბობს, რომ ოჯახი არ ეთანხმებოდა ჩოლოიანისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთას და განაჩენი სააპელაციოში ჰქონდა გასაჩივრებული. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ სირაძის საქმეზე მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავეს და სხვა მხრივ გამოძიება წინ არ წასულა.

„ერთადერთი ადამიანიც კი, რომელიც იყო დაკავებული, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაათავისუფლეს და გაათავისუფლეს სასამართლოს გზის გავლით. იმიტომ, რომ იყო მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება და ამის შემდგომ მიიღო უდომ გადაწყვეტილება გათავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც წესი, სასამართლო არ უთითებს გათავისუფლებაზე და უდოს უფლება ჰქონდა სხვა გადაწყვეტილება მიეღო. კომისია არ დაინტერესდა ოჯახის პოზიციით”, – აცხადებს სიმონიშვილი.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, მარიანა ჩოლოიანმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა. გასული წლის სექტემბერში მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით ჩოლოიანს სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button