მსოფლიოსიახლეები

ლუკაშენკო აცხადებს, რომ მის ქვეყანაში კორონავირუსით არავინ კვდება

ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში COVID-19-ით არავინ მომკვდარა და არც მოკვდება. ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ ყველა პაციენტი, რომელსაც ეს დიაგნოზი დაუსვეს და გარდაიცვალა, არა კორონავირუსმა, არამედ მძიმე ქრონიკულმა დაავადებებმა იმსხვერპლა.

ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“-ს მოჰყავს პრეზიდენტის სიტყვები, რომ კორონავირუსი გარემოა, სადაც ქრონიკული დაავადებები ვითარდება. ლუკაშენკას განცხადებითვე, ბელორუსმა ინფიცირებულთა გადასარჩენად უკვე მიაგნო მედიკამენტების კომბინაციას და თუ პაციენტი ხელებს არ ჩამოუშვებს, აუცილებლად გამოჯანმრთელდება.

ბელორუსის პრეზიდენტმა ეს განცხადებები 13 აპრილს გამართულ სამთავრობო თათბირზე გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ არ აპირებს ხალხს სააღდგომოდ ეკლესიაში წასვლა აუკრძალოს და იქ თავადაც მივა. ამასთან, ლუკაშენკამ სასულიერო პირებს მოუწოდა, წირვა ტაძრების გარეთ, ღია ცის ქვეშ ჩაატარონ.

ლუკაშენკომ, რომელიც დიდხანს უარყოფდა ბელორუსში კორონავირუსის გავრცელების ფაქტს, ადრეც არაერთხელ გამოთქვა მოსაზრება, რომელიც მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, ბელორუსის პრეზიდენტი საჭიროდ არ თვლის იზოლაციას და დამცავი საშუალებების მასობრივად გამოყენებას. ლუკაშენკომ ისიც კი თქვა, რომ საუკეთესო წამალი მინდორში ტრაქტორით მუშაობაა.

COVID-19-ის გამო, ბელარუსში კარანტინი არ გამოუცხადებიათ და არც მასობრივი ღონისძიებები აუკრძალავთ, მათ შორის, ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ბელoრუსის ხელისუფლებას მიმართა, რომ სიტუაციის არაკეთილსაიმედო განვითარებისა და პაციენტების რაოდენობის ზრდისთვის მოემზადოს. საერთაშორისო ორგანიზაციამ მინსკს მოუწოდა, უარი თქვას მასობრივ ღონისძიებებზე, მათ შორის, 9 მაისს დანიშნულ სამხედრო აღლუმზე. ბელორუსის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ასეთ შესაძლებლობას არც კი განიხილავენ.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ბელoრუსში COVID-19-ით დაავადდა 2919 ადამიანი. მათგან 29 გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button