ლუკაშენკო NATO-ს ნაწილების გადაადგილებამ გააღიზიანა და ჯარის საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა
ბელორუსის პრეზიდენტმა „ნატოს“ სამხედრო ძალების გადაადილებაზე უკმაყოფილება გამოთქვა და ქვეყნის სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გოჟსკის სამხედრო პოლიგონიდან ქალაქ გროდნოში ჩავიდა, სადაც მესაზღვრეების მექანიზებული ბრიგადის მე-6 განყოფილების მუდმივი დისლოკაციის ადგილია. ლუკაშენკომ შეხვედრა გამართა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელობასთან, – იუწყება ბელორუსული საინფორმაციო სააგენტო ბელტა.
ლუკაშენკოს თქმით, იმის ნაცვლად, რომ დრო დაუთმონ ეკონომიკას და ქვეყნის სასიცოცხლო საკითხებს, იძულებულები არიან ყურადღება მიაქციონ სიტუაციის სტაბილიზაციას.
„მე ვერ ვიტყოდი, რომ სირთულეებია მთლიანად ქვეყნის შიგნით, პირველ რიგში ეს ეხება მინსკს. არც კი მინდა გროდნო ამ თვალსაზრისით განვიხილო. ამის მიუხედავად, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, ის გახლავთ, რომ შიდა სიტუაციას დაემატა გარე ფაქტორი. ჩვენ ვხედავთ „ნატოს“ ჯარების სერიოზულ მოძრაობას ჩვენი საზღვრების მახლობლად – პოლონეთისა და ლიტვის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბელორუსის ლიდერმა.
ამასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში პირველად მიიღეს ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილება – შეიარაღებული ძალების ძირითად ქვედანაყოფებში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადეს და ასევე მზად არიან ჯარები ქვეყნის დასავლეთის მიმართულებით განალაგონ.