მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლუკაშენკოს ხელისუფლებამ უცხოელ ჟურნალისტებს აკრედიტაცია გაუუქმა

ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრედიტაცია ქვეყანაში მყოფი უცხოური მედია-საშუალებების დიდი ნაწილი „თამაშგარე მდგომარეობაში“ დატოვა და სავარაუდოდ, მათი ქვეყნიდან გაძევებაც არ არის გამორიცხული. დღეს გახდა ცნობილი, რომ ბელორუსში საქმიანობისთვის აკრედიტაცია გაუუქმეს BBC-ის, „რადიო თავისუფლების“, გერმანული ტელეარხს ARD-ის, Agence France-Presse-ის, Reuters-ის და Associated Press-ის, Deutsche Welle-ს, RFI-ის კორესპონდენტებს. შესაბამისად, მათ აეკრძალათ ბელორუსში მიმდინარე მოვლენების გაშუქება.

ბელორუსში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს უცხოური წამყვანი მედია-საშუალებები აქტიურად აკვირდებიან და სიახლეებს ცოცხალ რეჟიმში გადასცემენ. უცხო ქვეყნების მედია-საშუალებები რომ ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გაღიზიანებას იწვევს, დიდი ხანია, ცნობილია. ლუკაშენკომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე გააკრიტიკა უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც მისი აზრით, „ხალხს მასობრივი არეულობებისკენ მოუწოდებენ“:

„არ უნდა დალოდოთ საარჩევნო კამპანიის დასრულებას. გააძევეთ აქედან, თუ ისინი არ ემორჩილებიან ჩვენს კანონებს და ხალხს მაიდანისკენ მოუწოდებენ”, – თქვა ლუკაშენკომ ივლისის ბოლოს.

როგორც ცნობილია, ბელორუსში საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოდან დაიწყო – ხალხი გამოცხადებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და პრეზიდენტ ლუკაშენკოს თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

რამდენიმე დღის წინ, ბელორუსის უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა 9 აგვისტოს არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ საქმის აღძვრაზე. გამოძიებას დაწყებას ლუკაშენკოს ოპონენტები ცდილობენ. საჩივარი არჩევნების შედეგების შესახებ არჩევნების მეორე დღესვე შეიტანა ალექსანდრე ლუკაშენკოს კონკურენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

ტიხანოვსკაიამ, რომელიც ლიტვაში 10 აგვისტოდან იმყოფებოდა, 25 აგვისტოს, ევროპარლამენტის ვირტუალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბელორუსში „მშვიდობიანი დემოკრატიული რევოლუცია“ მიმდინარეობს. მისი თქმით, ქვეყანა კრიზისშია და დემონსტრანტებს აშინებენ, მაგრამ მზად არის მოქმედ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button