მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო-საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე საქართველოსა და “მამაც ქართველ ხალხს” წარმოადგენს და მადლობას იხდის “ამ შესაძლებლობისთვის”. მათ შორის, იგი მადლობას უხდის რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს აშშ-ში ვიზიტის დროს მაღალი დონის კონტაქტებისთვის.
მისი თქმით, პარალელურად ქართველები სოლიდარობის ნიშნად ამერიკელ მეგობრებთან ერთად მსვლელობას აწყობენ.
„მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო. მადლობელი ვარ კონგრესმენი ჯო უილსონის მაღალი დონის კონტაქტების ხელშეწყობისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის! მაშინ, როცა მე თავისუფლებისმოყვარე საქართველოს სახელით ინაუგურაციის ცერემონიას ვესწრები, ქართველები სოლიდარობის ნიშნად თავიანთ ამერიკელ მეგობრებთან ერთად მსვლელობას აწყობენ. აშშ-ის რამდენი პარტნიორი ქვეყანა აკეთებს ამას?“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.