მადრიდი კატალონიისთვის ავტონომიის გაფართოებას არ გამორიცხავს

“კრიზისის ფონზე კატალონიამ შესაძლოა ავტონომიის გაფართოებას მიაღწიოს”- ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ალფონსო დასტისმა კატალონიის დამოუკიდებლობა გამორიცხა. “კატალონიის მთავრობის მეთაურობიდან დათხოვნილ კარლეს პუჩდემონს დეკემბერში დაგეგმილ რეგიონულ არჩევნებში თეორიულად მონაწილეობის მიღებაც შეუძლია, იმ შემთხვევაში, თუ “ის იმ დროისთვის უკვე ციხეში არ იქნება”.

თავის მხრივ, კატალონიის გადაყენებული პრეზიდენტი ხალხს დემოკრატიული წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პუჩდემონმა პოლიტიკური თავშესაფარი შესაძლოა ბელგიას სთხოვოს. ამ ინფორმაციას ბელგიის მიგრაციის მინისტრმა რეალისტური უწოდა.

ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ესპანეთის პრემიერმინისტრის მოადგილეს სორაია საენს დე სანტამარიოს დააკისრა.

27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი იყო 10. დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.

გამოცხადების შემდეგ ერთ საათში, ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას გულისხმობს, შესაბამისად რეგიონის ავტონომიის გაუქმებას. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button