“მაესტროს” კრედიტორთა სხდომა გადაიდო
ლევან და გია გაჩეჩილაძეების ადვოკატის ირაკლი კორძახიას მოთხოვნა საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა და კრედიტორთა სხდომა გადადო.
ძმები გაჩეჩილაძეები დღეს საქალაქო სასამართლოში არ მისულან. ირაკლი კორძახიამ, როგორც გაჩეჩილაძეების წარმომადგენელმა კრების გადადება მოითხოვა, ვიდრე არ დარეგისტრირდება “მაესტროს” დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე.
როგორც მაესტროს მოქმედი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე ბოლო პერიოდში ამბობდა, თუ 19 თებერვალს კრება არ ჩატარდებოდა, დიდი ალბათობით მაესტრო მაუწყებლობას შეწყვეტდა.
ბაია გადაბაძისა და მაკა ასათიანის მხარე ითხოვდა, რომ კრება ჩატარებულიყო ბაია გადაბაძის დორექტორობის პირობებში. კრება მოსამართლის გადაწყვეტილებით, 15 მარტს ჩატარდება. ამ გადაწყვეტილებას გადაბაძე შემდეგი შეძახილებით შეხვდა: “ბრავო, ყოჩაღ”. უარყოფითი ემოციის ნიშნად მან ასევე მოსამართლეს ტაშიც დაუკრა.