მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მაღაროელების მაშტაბური პროტესტი გრძელდება

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება – ამ წუთებში პარლამენტთან მათი საპროტესტო აქცია იმართება. დღეს მაღაროელები მსვლელობით ჯორჯიან მანგანეზის ოფისთან იმყოფებოდნენ.

პარლამენტის შენობასთან მაღაროელები მეორე დღეა ღამეს ათევენ. აქციაზე გაფიცულებს მოქალაქეებიც შეუერთდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს.

დღეს მაღაროელების პროტესტის მე-14, ხოლო შიმშილობის მე-9 დღეა.

18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, მეორემ კი ვენები გადაიჭრა. მანამდე კიდევ ერთმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა.

მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. ისინი ხელფასების 20%-ით ზრდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა დღეს “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობაც გამართეს.

მაღაროში დასაქმებულებმა “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს და აღნიშნეს, რომ ისინი მონობას არ შეეგუებიან, გაფიცვა კი შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

“ჩვენ არ გავჩერდებით. ყველგან მოგაგნებთ და გეტყვით, რომ თქვენს მონობას არ დავემორჩილებით. ჩვენ არ ვაპირებთ აქედან ისე წასვლას, რომ ჩვენი ჭიათურა ისევ პრობლემებში დაგვხვდეს”, – აღნიშნეს მაღაროელებმა “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან, რის შემდეგაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობასთან გადაინაცვლეს და საჯაროდ მოითხოვეს, რომ მათი პრობლემებით დაინტერესდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დარჩებიან პარლამენტის წინ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.

“ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს ჭიათურის საწარმოებში შექმნილი კრიზისული ვითარების დაძლევის გეგმას სთავაზობს და პარალელურად საწარმოო პროცესის აღდგენას ცდილობს. დღეს, კომპანიის მენეჯმენტი ჭიათურაში თანამშრომლებს შეხვდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა დასაქმებულებს კონსტრუქციული დიალოგისა და შეთანხმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ჭიათურაში შექმნილი ფინანსური კრიზისის მოსაგვარებლად, “ჯორჯიან მანგანეზმა” თანამშრომლებს ახალ სამუშაო გეგმაზე გადასვლა შესთავაზა. აქცენტი კეთდება ახალი ტექნოლოგიებით წარმოებულ სამუშაო პროცესის მნიშვნელობაზე. დასაქმებულთა ნაწილი მოლაპარაკების და წარმოების განახლების მომხრეა.მიმდინარე წლის თებერვლიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის საწარმოები დახურულია. გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების გამო ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეჩერებულია. პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირებულია, რაც ფასების მკვეთრ ვარდნას იწვევს. მიმდინარე წელს კომპანიას პროდუქციის ექსპორტი არ განუხორციელებია. კრიზისული ვითარების მიუხედავად, დასაქმებულებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, უკვე მეხუთე თვეა, კომპანია თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს უხდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button