ანალიტიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მაისში საქართველოს ეკონომიკა 13,5%-ით შემცირდა

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მაისში 13,5%-ით შემცირდა.

მდგომარეობა დრამატულია ტურიზმის სფეროში, ვიზიტორების რაოდენობა 94%-თაა შემცირებული. 70%-ით დაიკლო ავტომობილების რეექსპორტმა.

ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 33%-ით არის შემცირებული ახალი საწარმოების რეგისტრაცია, 22%-ით დაეცა დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა. 

კლების ტენდენციაა ეკონომიკის ყველა სფეროში. უკვე ზედიზედ მესამე თვეა, ქვეყნის ეკონომიკა მცირდება. აპრილში ვარდნა 17% იყო. მაისის თვის მდგომარეობით, ეკონომიკის საშუალო ზრდა მინუს 5,4%-ია, რაც მთავრობის პროგნოზს აღემატება.

ყველაზე მეტად დაზარალებულია ეკონომიკის ის სექტორები, რომლებიც ვიზიტორების რაოდენობაზეა დამოკიდებული, კერძოდ, რესტორნები, სასტუმროები. ასევე, გადადინების ეფექტით დაზარალდა უძრავი ქონების ბაზარი და მშენებლობის სექტორი. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის კრიზისი 2008 წლის მოვლენების შემდეგაც არ ყოფილა.

საქსტატის აღნიშნულ მონაცემებს ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობას კორონა ეპიდემიისთვის ქმედითი ანტიკრიზისული გეგმის დაპირისპირება შეეძლო, თუმცა ასე არ მოხდა, რის გამოც ივნისის თვის მაჩვენებლების მიმართაც ნეგატიური მოლოდინები არსებობს.

“ბუნებრივია, რომ ეკონომიკის დაცემა იქნება უფრო მეტი და უკვე ბიუჯეტის კორექტირება ხდება საჭირო, ასევე სხვა ზომების მიღება, რათა ხალხი გადაურჩეს შიმშილს. დანაშაულია, სხვანაირად არ შეიძლება ეს აიხსნას. ამას სჭირდება გონივრული ეკონომიკური ქმედებები და არა ბიუჯეტში სახსრების ფლანგვა საკუთარი ინტერესების შესაბამისად.” – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.

“ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ასეთი მდგომარეობა ეპიდემიის დროს ხელისუფლების გადადგმული არაადეკვატური ნაბიჯების შედეგია.

“ფორსმაჟორი გამოიყენეს იმისთვის, რომ ჩინოვნიკებს, მათ ახლობლებს ფული ეკეთებინათ. არ შეამცირეს ხარჯები, გადასახადები, ახლა, როცა ყველაფერი გაიხსნა, ის, რასაც შერჩა ოდნავი სუნთქვის უნარი, ჩამოიარეს და 10 ათას ლარიანი ჯარიმები დააკისრეს კერძო კომპანიებს.” – აცხადებს ნადირაშვილი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button