მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მაკრონს იმედები არ გაუმართლდა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია ლიდერობს

ემანუელ მაკრონს იმედები არ გაუმართლდა. მისი გათვლა მემარცხენეების დაპირისპირებასა და მემარჯვენეების დაბნეულობაზე, რაც მას საშუალებას მისცემდა მიეღო მხარდაჭერა აბსოლუტური უმრავლესობისგან, კრახით დასრულდა.

ეროვნული ასამბლეის დათხოვნის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა და შედეგად საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარი ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ “ეროვნულმა გაერთიანებამ” გაიმარჯვა.

ოლივერ ჰიშბიეგერის ფილმი “დაცემა” სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში მას შემდეგ, რაც მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაითხოვა. სცენას, სადაც ადოლფ ჰიტლერი ბუნკერში იმალება შეშინებული, ადარებდნენ ემანუელ მაკრონის გამოსვლას ასამბლეის დათხოვნის წინ.

ფაქტი ერთია, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია “ეროვნული გაერთიანება” 34%-ით ლიდერობს. 28.1%-ით მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე კოალიცია “ახალი სახალხო ფრონტი”, ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების 20.3% მოიპოვა. რესპუბლიკელებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ ხმების 10.2% მიიღეს.
მიუხედავად აბსოლუტური შედეგის საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და მისი მოკავშირეები ცდილობენ არ დაუშვან ულტრამემარჯვენე ძალების მხრიდან პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება და მთავრობაზე კონტროლის დამყარება – მას მერე, რაც მაკრონის მხრიდან ვადამდელი არჩევნების რისკზე წასვლამ მისთვის არასასურველი შედეგები მოიტანა.

მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ” – იგივე „ეროვნულმა ფრონტმა“ – ძლიერი გამარჯვება მოიპოვა 30 ივნისს, არჩევნების პირველ ტურში. მაკრონის ცენტრისტულ პარტიას მესამე ადგილი ერგო, მემარცხენე კოალიციის შემდეგ.

მთავარი საკითხი, რომელიც 7 ივლისს დანიშნული მეორე ტურის წინ დგას, არის ის, თუ რამდენად შეძლებს “ეროვნული გაერთიანება” აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას პარლამენტში. თუ ამას შეძლებს, მას მთავრობის ფორმირების საშუალება მიეცემა და ლე პენის პროტეჟე, 28 წლის ჟორდან ბარდელა პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.

საფრანგეთში მოქმედი სოციოლოგიური კვლევების ორგანიზაციათა ანგარიშების უმრავლესობა აჩვენებს, რომ ლე პენის გაერთიანება ვერ შეძლებს აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას, თუმცა საბოლოო შედეგის განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

მაკრონმა გაავრცელა წერილობითი განცხადება, რომელშიც გამოდის მეორე ტურისთვის “ფართო კოალიციის” შექმნის მოწოდებით, ულტრამემარჯვენე ძალების წინააღმდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button