მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მალე მოვა დრო როცა “სამხრეთ ოსეთი” შევა რუსეთის შემადგენლობაში-გაგლოევი

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტი“ ალან გაგლოევი იმედს გამოთქვამს, რომ ე.წ. „რესპუბლიკა“ მალე რუსეთის შემადგენლობაში შევა.

გაგლოევი მოხარულია, რომ რუსეთთან გერთიანების თაობაზე „ხალხის სურვილი გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას დაემთხვა“.
გაგლოევმა ეს განცხადება უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის შესახებ საუბრისას გააკეთა. მისივე თქმით, ის მოხარულია, რომ მათი “მეგობრებისთვის” დადგა ეს ისტორიული მომენტი.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ ასევე სრულად დაუჭირა მხარი დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციაში შესვლას. მოხარული ვართ, რომ დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც ხალხის სურვილი რუსეთთან გაერთიანების შესახებ დაემთხვა ამ ნაბიჯის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. იმედი მაქვს, შორს არ არის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის ჯერი დადგება“, – განაცხადა მან.
გაგლოევი ამბობს, რომ ოკუპირებულმა “სამხრეთ ოსეთმა” ნათლად განსაზღვრა “საგარეო პოლიტიკა” და მათ მთავარ “პარტნიორად” ამ დრომდე რჩება რუსეთი.

მისი თქმით, ე.წ. „რესპუბლიკამ“ დაამყარა კონსტრუქციული და მეგობრული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, რომელიც „გააზრებულად ეკიდება ყველა პრობლემას და მზადაა, საჭირო დახმარება გაუწიოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში“.

ამასთან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ხალხისა და პარლამენტისადმი მიმართვაში რუსეთს „მთავარი მოკავშირე“ უწოდა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ ოპერაციაში.“

„ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები რუსი ჯარისკაცების გვერდით დადგნენ საერთო ინტერესების დასაცავად უკრაინულ ნეონაციზმთან ბრძოლაში, რომლებიც კოლექტიური დასავლეთის ხელში მარიონეტად იქცნენ”, – თქვა მან.

ამასთან, გაგლოევმა აღნიშნა, რომ საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებენ.

„სპეცოპერაციის მიმდინარეობის ფონზე საქართველოს რესპუბლიკის დესტრუქციული ძალები გააქტიურდნენ, რომლებიც მას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებენ. ამ კუთხით ჩვენ მივიღეთ ზომები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და რუსულ მხარესთან სამხედრო სფეროში ურთიერთობების გასამყარებლად“, – განაცხადა გაგლოევმა

მანვე დაამატა, რომ ქართულ მხარესთან შემდგომი ურთიერთობები საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფორმატში, “დაფუძნებული იქნება დავების გადაწყვეტისას ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივად სავალდებულო დოკუმენტის მიღების აუცილებლობაზე“.

გარდა ამისა, გაგლოევმა თქვა, რომ აქტიურად მუშაობს რუსეთიდან ინვესტორების მოზიდვაზე და სამშაბათს მოსკოვში შეხვედრას გამართავს „რუსეთის საექსპორტო ცენტრის“ ხელმძღვანელობასთან.

ალან გაგლოევმა 2022 წელს, ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ, მალევე შეაჩერა რეფერენდუმი „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ, რომელიც დანიშნული იყო მისი წინამორბედის, ანატოლი ბიბილოვის მიერ. მოსკოვში გაგლოევის გადაწყვეტილებას მაშინ „გონივრული“ უწოდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button