მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას

საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა გარკვევით განვაცხადო, რომ გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში ვიზიტის წინ გავრცელებულ განცხადებაში წერს.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა და გასული კვირების განმავლობაში ქართველმა ხალხმა თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშები ააფრიალა პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.

„გასული კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა გარკვევით განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, რომელ კურსსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან“, – წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

გერმანია ხედავს მცდელობას, რომ საქართველომ გადაუხვიოს პროევროპულ კურსს, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია. ბერბოკის განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ანალენა ბერბოკის თანახმად, ხედავენ ზეწოლას, რომელსაც საქართველო აწყდება როგორც შიგნით, ასევე, გარედან. საქართველოში ვიზიტისას ის მკაფიოდ განაცხადებს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო დღეებში, თბილისის ქუჩებში ხალხი ევროკავშირის დროშებით გამოვიდა პლურალიზმის და კანონის უზენაესობის დასაცავად. ბერბოკი გულისხმობდა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თბილისში საქართველოს მთავრობასთან ისაუბრებს შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებიც აუცილებელია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ბერბოკმა დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღების საგნად დაასახელა მედიის თავისუფლება, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი დებატები, მაშინაც კი, როცა შეხედულებები რადიკალურად განსხვავებულია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი ამ ფასეულობებს იზიარებს და დარწმუნებული არიან, რომ აქ მოკლე გზა და შეღავათები არ არსებობს.

ცნობისთვის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სტუდენტებს. ანალენა ბერბოკი ჩავა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში.

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში მინისტრ ბერბოკის შეხვედრების მთავარი თემები იქნება გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს დაახლოების გზაზე და საჭირო რეფორმების პროცესში. საელჩოს თანახმად, ვიზიტის მიზანია გერმანიასა და საქართველოს შორის მჭიდრო და პირდაპირი კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

ანალენა ბერბოკის ვიზიტი 24 მარტს დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button