მამა შალვა კეკელიას მხარდასაჭერად ვაკეში, მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მრევლი შეიკრიბა
მამა შალვა კეკელიას მხარდასაჭერად ვაკეში, მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მრევლი შეიკრიბა. 5 საათზე ტაძარში ლოცვა დაიწყო, რომელიც 7 საათამდე გაგრძელდება. მამა შალვა კეკელიასა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ მოხდა. ამის შემდეგ სასულიერო პირმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა. დღეს კი მამა შალვა კეკელიას მხარდასაჭერად მოქალაქეები მივიდნენ.
“გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, როდესაც ჯგუფი მოვიდა და მოღალატეები და რუსები გვეძახა, რაზეც ბუნებრივია ჩვენი მხრიდან იყო რეაქცია, მამა შალვამ ჩაწერა ვიდეო მიმართვა, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანებმა თავად გამოხატეს სურვილი, უამრავი ზარი შემოგვივიდა, რომ გამოეცხადებინათ თავიანთი მხარდაჭერა და სოლიდარობა. ეს დღევანდელი აქციაც თვითონ მათი დაორგანიზებულია, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. საზოგადოებას, მათ შორის აქ შეკრებილ საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ, არ წამოეგონ არანაირ პროვოკაციებს, რადგან რასაკვირველია პროვოკაციები მოსალოდნელია ყოველთვის, სადაც ხალხმრავლობაა. გვახსოვდეს, რომ ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ,”- აცხადებს ვაკის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელმსახური მამა საბა (ჭიკაიძე).
დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, ვაკის ფერიცვალების ტაძრიდან არანაირი მსვლელობა და აქცია არაა დაგეგმილი რუსთაველის მიმართულებით.
შალვა კეკელია ცხადებს, რომ ემიჯნება “ყველანაირ ძალადობას”. მან ვიდეო მიმართვაში დაგმო პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა და ასევე გაემიჯნა მოქალაქეების მხრიდან პიროტექნიკისა და ქვების სროლას პოლიციელების მისამართით.
“მე ვერასდროს მხარე ვერ ვიქნები. იმ ახალგაზრდებს მინდა მოგიწოდოთ, ვინც ჩემი აზრი ვერ ან არ გაიგეთ, თუ რამე პრეტენზია გაქვთ და გაინტერესებთ, შეგიძლია ახალგაზრდები ეს ჯგუფი შეიკრიბოთ, მოდი და მკითხეთ რა აზრი მაქვს, ვისზე როგორ ვფიქრობ და მე ნებისმიერ დროს მზად ვარ შესახვედრად. მე როცა მთხოვთ, აქციაზე გამოვიდე, ამ ყველაფერს არ ვეთანხმები. ხომ შეიძლება ჩემი აზრი მქონდეს? ერთმანეთის აზრის პატივისცემა ვისწავლოთ ადამიანებმა” – თქვა დეკანოზმა.
ასევე, მან მწუხარება გამოთქვა გუშინდელი ინციდენტის გამო და აღნიშნა, რომ მისთვის მოღალატისა და რუსეთუმეს დაძახება შეურაცხმყოფელი და მიუღებელია.
“მინდა, კიდევ ერთხელ შენდობა ვითხოვო, გუშინ თუ წყობიდან გამოვედი. ჩვენც ადამიანები ვართ. ამ დღეებში ბევრ შეურაცხყოფას ვიტან, ვალდებული ვარ შეურაცხყოფა მოვითმინო, მაგრამ არის რაღაც წითელი ხაზები, ქვეყნის მოღალატეს რომ ეძახი ადამიანს და რუსეთუმეს, ეს ჩემთვის მიუღებელია და ამას ვერასდროს მივიღებ”- თქვა დეკანოზმა შალვა კეკელია.