მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის

საქართველოს ნაკრების კაპიტანი რაგბიში მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის. ინფორმაციას რაგბის ფედერაცია ავრცელებს. გორგოძის თქმით, ის ბოლო თამაშს ნაკრების შემადგენლობაში საქართველოში ითამაშებს და გუნდს ამის შემდეგ დაემშვიდობება.

“ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა მთხოვეს და დავრჩი. მაგრამ მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე! არაერთხელ მითქვამს: მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა. უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ს ვიქნები გადაცილებული. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად დაღლილობა კი არ დაიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს. მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია,” – აცხადებს მამუკა გორგოძე.

გორგოძემ რაგბის თამაში 2000 წელს, 16 წლის ასაკში „ლელოშ“ დაიწყო და 2004 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2005 წლიდან 2014 წლამდე ის საფრანგეთის ”ტოპ 14-ის” ”მონპელიეს” ღირსებას იცავდა და სწორედ იქ თამაშისას გაითქვა სახელი. გავიდა ტოპ 14-ის ფინალში, 2010/2011 წლებში დაასახელეს ტოპ 14-ის საუკეთესო ლეგიონერად, 2012/2013 წლების სეზონში, აღიარეს ტოპ 14-ისა და „ჰაინეკენის თასის“ (ამჟამად ჩემპიონთა თასი) იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ.

2014 წლიდან „ტულონში“ გადავიდა და გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში „რასინგს“ 93-ათასი მაყურებლის წინაშე ლელო დაუდო, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა და გორგოძე ჯერჯერობით ფრანგული ოქროს გარეშეა.

ბორჯღალოსნების შემადგენლობაში გორგოძეს 69 თამაში აქვს ჩატარებული, აქედან 11 კაპიტნის რანგში. ის საქართველოს ნაკრების საუკეთესო ლელოების რაოდენობით პირველ ადგილზეა. გორგოძე 2011 წელს კი, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button