მამუკა კუჭავა: ბიძინა კუჭავას ფეხის თითი აქვს მოჭრილი

ტელე-რადიო კომპანია “საქართველოს ხმის” დამფუძნებელის ბიძინა კუჭავას ნათესავის და ამავდროულად “საქართველს ხმის” აღმასრულებელი დირექტორის მამუკა კუჭავას განცხადებთ, არც ის და არც ოჯახის წევრები არ იცნობდნენ იმ პირებს, ვისთან ერთადაც გარდაცვალების დროს ბიძინა კუჭავა ავტომობილში იმყოფებოდა.

მამუკა კუჭავას ინფორმაციით, ეს პირები გამოძიებამ უკვე დაკითხა, თუმცა ოჯახს მათთან კონტაქტი არ ჰქონია.

მისი თქმით, ბიძინა კუჭავას თავში აქვს ერთი გასროლა, ასევე სხეულს აღენიშნება სხვა დაზიანებებიც. როგორც მამუკა კუჭავა აცხადებს, ბიძინა კუჭავას ფეხის თითი აქვს მოჭრილი. სწორედ ეს იწვევს, მისი ვარაუდით, გამოძიების ვერსიაში მთავარ უნდობლობას.

“ნატყვიარი რამდენი აქვს, არ ვიცი ზუსტად. თუმცა როგორც ვიცი, თავში ერთი გასროლა აქვს. რაც შეეხება დაზიანებებს, მას ფეხის თითი აქვს მოჭრილი და მიკერებული. გამოძიების ვერსიაში მთავარ უნდობლობას ის იწვევს, რომ ადამიანს ფეხი აქვს დაზიანებული და ამ კაცმა შემდეგ სიარული მოახერხოს, მანქანაში ჩაჯდეს, წავიდეს და თავი მოიკლას”, – განაცხადა მამუკა კუჭავამ და ბიძინა კუჭავას გარდაცვალების დღეს სახლიდან გასვლის დეტალები ჟურნალისტებთან გაიხსენა.
“გარდაცვალების დღეს, როდესაც საღამოს 10 საათზე გავიდა, ბიძინა კუჭავამ თქვა, რომ შეხვედრაზე მიდიოდა. თქვა, რომ საქმიანი შეხვედრა უნდა ჰქონოდა”, – განაცხადა მამუკა კუჭავამ.

მისი ინფორმაციით, ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია დაქირავებული ბინის შესახებ. მამუკა კუჭავა ასევე გამორიცხავს ბიძინა კუჭავას გარდაცვალების რაიმე სახით დაკავშირებას ტელეკომპანიის საკითხთან.

“ქირიასთან რაიმე სახის ბიზნესდავაზე საუბარი ზედმეტია. ტელეკომპანია ჩვენ 2006 წელს ჩამოგვართვეს და დავა სასამართლოშია. ტელერადიო დავა გამორიცხეთ, ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს გარდაცვალებას”, – განაცხადა მამუკა კუჭავამ.

სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბიძინა კუჭავა ბრალდებულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად ცნო.

სამინისტროს ცნობით, კუჭავამ ვაჟ-ფშაველაზე ბინა, რომელშიც ქირია მოკლული იპოვეს წინასწარ დაიქირავა. მან შეიძინა მკვლელობის იარაღი და ჩაიდინა დანაშაული, რის შემდეგაც სპეციალური ხელსაწყოებით გვამის დანაწევრება სცადა. კუჭავა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ში განმარტავენ, რომ მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა კუჭავას შესახებ შეიტყვეს და ის ძებნაში იმყოფებოდა მისი გაჩერება სცადეს სანაპიროსთან. სწორედ ამ დროს ბიძინა კუჭავამ საკუთარი იარაღით თავი მოიკლა.

სამართალდამცველების ინფორმაციით მომხდარი ქირიას სამსახურეობრივ საქმიანობას არ უკავშირდება.მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button