მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს საპატრიარქო „პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეს არის „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა“, რომელსაც უარყოფითი გავლენა ექნება დახურულ სივრცეში ჩატარების დროსაც. „დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ” – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს პრესსამსახური წერს, რომ ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს და პასუხისმგებლობას შექმნილ დაძაბულობაზე ღონისძიების ორგანიზატორებს აკისრებს. „ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი.“ – წერია განცხადებაში.
პრაიდის კვირეულს სახალხოდამცველიც გამოეხმაურა
სახალხო დამცველი “პრაიდის კვირეულს” ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია, დაგეგმილი ღონისძიებები ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარდეს და დაცული იყოს ლგბტ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებები.

“ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის კონკრეტული ღირებულებები და შეხედულებები, ნებისმიერ ჯგუფს უნდა შეეძლოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა, უსაფრთხო გარემოში,”- აცხადებს ლევან იოსელიანი.

ასევე, სახალხო დამცველი გმობს ყველა იმ საჯარო განცხადებასა და მუქარას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოქალაქეებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების დაცვას და რეალიზებას.

“მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებელმა ორგანოებმა საჯაროდ გავრცელებულ ძალადობის შემცველ მოწოდებებსა და მუქარებზე მოახდინონ სათანადო რეაგირება და უზრუნველყონ პრევენციული ღონისძიებების გატარება მოახლოებული კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით,”- ამბობს იოსელიანი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა შესაძლო კანონდარღვევაზე და მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების რეალიზება.

მსგავსი პოსტები

Back to top button