მარგველაშვილი სალომეს შემდეგ მიშას შეხვდება
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის
სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. როგორც მარგველაშვილი ამბობს,ეს შეხვედრა გასულ კვირას შედგა.
ორი პრეზიდენტის განხილვის საგანი შერიგების ინიციატივა იყო. დეტალებზე ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ გეგმავს მის წინამორბედსაც შეხვდეს.
მან გორის ჰისპიტალში დაშვება შესაბამისი უწყებებისგან უკვე მოითხოვა.
გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მხარს უჭერს.
მოისმინეთ გიორგი მარგველაშვილისა და “ქართული ოცნებიდან” სოზარ სუბარის ხმა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უფლებამოსილ უწყებებს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის მის მონახულებაზე თანხმობის მისაცემად განცხადებით მიმართა.
“გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დართოთ ნება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, მომინახულოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
მიმართვის ადრესატები არიან:
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორი, ნიკა ცხვარაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას თავად გიორგი მარგველაშვილიც ითხოვს, თუმცა მას სპეციალურ მიმართვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის. სააკაშვილის სახელით მის ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მზად არის, მარგველაშვილს შეხვდეს.
“მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.
მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს.
ასევე, მივესალმები “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან”, – წერია სააკაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.