შოვში სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა თქვა.
„ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ცხრა ლოკაციაზე. დიდი ტერიტორია გვაქვს უკვე გადამოწმებული. ხელს გვიწყობს ვითარება. მდინარის კალაპოტის საშუალებით ვცდილობთ, მასა ჩავრეცხოთ მდინარეში, რომ ადგილი გავითავისუფლოთ. მაღალი ტემპერატურაა და არსებობს გარკვეული სახის დაავადებების საფრთხე. ყველა ზომა გვაქვს მიღებული. ვცდილობთ, ყველაფერი იყოს პროტოკოლის ფარგლებში. მდინარის კალაპოტში, 25-კილომეტრიან პერიმეტრზე ვახორციელებთ მონიტორინგს. ამ დროისთვის ვეძებთ 12 ადამიანს“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
მღებრიშვილის თქმით, ერთი ცხედარი ნანახია კოტეჯების ტერიტორიაზე, მეორე კი სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, მდინარის კალაპოტში.
მისივე თქმით, მონიტორინგი ხორციელდება მდინარის კალაპოტის 25 კილომეტრიან მონაკვეთზე.
ოთხის გარდა, ყველა ცხედარი იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს დნმ კვლევა. შოვში სამძებრო სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მუშაობას განაგრძობს 90-ზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკა.
ასევე, დაწყებულია მდინარე ჭანჭახზე, სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი ხიდის ნაცვლად, ახალი ხიდის მონტაჟის სამუშაოები.
“1 ცხედარი ნანახია კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე- მოზარდის ცხედარია, მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში. როგორც გუშინ დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. წავიწიეთ წინ და დიდი ტერიტორია გვაქვს უკვე გადამოწმებული. მაღალი ტემპერატურაა და არსებობს დაავადებების საფრთხე რის გამოც მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები გვაქვს მიღებული,”- აცხადებს თემურ მღებრიშვილი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის თქმით, სამძებრო ტერიტორიებს 9 ლოკაცია დაემატა.
“დაგვემატა მე-9 ლოკაცია, მოვახერხეთ კალაპოტიდან მისვლა უკვე მძიმე ტექნიკითაც კოტეჯების სასადილოსთან და შესაბამისად ამ არეალის დამუშავება შესაძლებელი გახდა. ტექნიკის რაოდენობა ყოველდღე იმატებს, რადგანაც მეტი მისასვლელი და მეტი შესაძლებლობა ჩნდება. ყველაზე დიდი სირთულე არის სამუშაო პირობები, რომელიც უკავშირდება მასას და მის შემადგენლობას, რომელიც რთულად ექვემდებარება დამუშავებას. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ალტერნატიული გზის გახსნა, რამაც შესაძლებლობა მოგცა მჟავე წყლებთან მიახლოების და აქედან მდინარის ფონით გადავედით საპირისპირო მხარეს,”- აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.
შეგახსენებთ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
9 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 21 ადამიანის ცხედარი. მათი ნაწილი ამოიცნეს. ოფიციალური უწყებების ცნობით, მაშველები აგრძელებენ დაკარგულად მიჩნეული კიდევ მინიმუმ 12 ადამიანის ძებნას, მათ შორის არიან ბავშვებიც. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.
7 აგვისტოს თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
მუხლი 116 – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით;
მუხლი 240 – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.