მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან

 

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

„ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების დარღვევით მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო.

სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს ორ მხარეს შორის. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან.

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.

ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს (კოდორის ხეობის გარდა).

ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 300 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.

აფხაზეთის თემა მუდმივად არის მსჯელობის, დისკუსიის, დებატების, მწვავე პოლემიკის საგანი. ომის გამომწვევი მიზეზები და ქართველების მარცხის საფუძველი, მრავალი საეჭვო და ბუნდოვანი გარემოებიდან გამომდინარე, ბევრისთვის დღემდე რთული გასაგებია.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button