1.734.481 ლარი ავტოსატრანსპორტო რემონტისათვის-ახმეტის მერიამ ტენდერი ჩაატარა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ტრანსპორტის რემონტში მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე ჩაატარა, სადაც გამარჯვებული თელავში რეგისტრირებული კომპანია “თელამოტორსია”.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ახმეტის მერიის ბალანსზე რიცხული 11 ავტოსატრანსპორტო საშუალების რემონტისათვის 1.734.481 ლარია გათვალისწინებული.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე ფიცხელაურის განმარტებით, თანხა შესაბამისმა სპეციალისტებმა წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით იანგარიშეს.
” ჩვენ მხოლოდ გასულ წელს დავიწყეთ ავტოპარკის განახლება. მანქანები ძალიან მოძველებულია. ნაწილი აუქციონზე გაგვაქვს გასაყიდად. ამ თანხას რაც შეეხება, სპეციალისტებმა წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით იანგარიშეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას წინა წლებში ჰქონდა თუ არა თანამშრომლობა ახმეტის მერიასთან, ვერ გეტყვით”- განაცხადა ფიცხელაურმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, შაქრო ტერტერაშვილი ამბობს, რომ თანხა ავტომანქანის ყველა ნაწილის მიხედვით არის გამოთვლილი.
” თანხა გამოთვლილია იმის მიხედვით, წინასწარ რომ არ იცი, რა გაფუჭდება. შესაძლოა, სულ არაფერი გაფუჭდეს, ან ისეთი ნაწილი გამოვიდეს მწყობრიდან, რომელიც შედარებით ძვირია. სხვაგვარად ითვლიან ამ თანხებს , ტენდერში შემომსვლელიც პრობლემაა”- განაცხადა ტერტერაშვილმა.
ხელშეკრულება თელამოტორსთან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას, ერთი წლის ვადით, უკვე გაფორმებული აქვს.