მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა რომ მარიუპოლიდან გავიდნენ ავტობუსები, რომლებიც, წინასწარი შეთანხმებით, მოქალაქეებს აიყვანენ ახლომდებარე სოფლებთან, მანგუშთან და ბერდიანსკთან.

„ჩვენი ინფორმაციით, ავტობუსები მარიუპოლიდან გაემგზავრნენ. წინასწარი შეთანხმებით, ავტობუსები მოსახლეობას სოფელ მანგუშსა და ბერდიანსკში აიყვანენ. ნებადართულია კოლონასთან საკუთარი ტრანსპორტით შეერთება. ვიმედოვნებთ, მარიუპოლის ათასობით მკვიდრი, რომელიც მარიუპოლიდან ზაპოროჟიესკენ მიმავალ გზაზეა ჩარჩენილი, დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილით ზაპოროჟიეში მოხვდებიან“, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

ამასთნ, ანდრიუშენკომ დაადასტურა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა კვლავ დაბომბეს „აზოვსტალის“ ქარხანა. მისი თქმით, დილით დაბომბვები შეწყდა, რასაც ის სწორედ ევაკუაციას უკავშირებს.

ანდრიუშჩენკომ იმედი გამოთქვა, რომ ათასობით მარიუპოლელი, რომლებსაც ზაპოროჟიესკენ გზის გაგრძელების უფლებას რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ აძლევდნენ, დღეს საღამოს ან ხვალ დილით ზაპოროჟიეში ჩასვლას შეძლებენ. მერის მრჩევლის თანახმად, ავტობუსების კოლონასთან შეერთებას შეძლებენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც საკუთარი ავტომანქანებით არიან.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 1 მაისს, გაეროს და “წითელი ჯვრის” ჩართულობით, ასზე მეტი ბავშვი, ქალი და მოხუცი გაიყვანეს მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, “აზოვსტალის” ტერიტორიიდან, რომელსაც თავს ორი თვის განმავლობაში აფარებდნენ. “აზოვსტალში” რჩებიან უკრაინელი მებრძოლები, მათ შორის პოლკ “აზოვიდან”, რომლებიც უარს ამბობენ რუსეთის მოთხოვნაზე, დაყარონ იარაღი და ტყვედ ჩაბარდნენ.

დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი რუსული არმიის ბლოკადაშია 2022 წლის მარტიდან. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, მარიუპოლი პრაქტიკულად, მთლიანად განადგურებულია და დაღუპულია ათასობით სამოქალაქო პირი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარის ცნობით, გუშინ მარიუპოლიდან 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button