მარჯანიშვილის მოედნიდან „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა იმართება

მარჯანიშვილის მოედანზე „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, რომელიც შემდგომ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.
მსვლელობაის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ. მსვლელობის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, ასევე დონალდ ტრამპის, ჯო იულსონის და „მეგობარი აქტის“ ინიციატორების, ჯინ რიშის და ჯინ შაჰინის ფოტოები.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ევგენიძე აღნიშნავს, მარჯანიშვილის მოედანზე საზოგადოების შეკრება სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის 35-წლიან მეგობრობას ადასტურებს.
ამასთან, ევგენიძის შეფასებით, აშშ-ს წვლილი, რომ საქართველო ვითარდებოდა, იზრდებოდა და ყალიბდებოდა ძალიან დიდია.
როგორც ის აღნიშნავს, „MEGOBARI აქტის“ მიღება საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, რომ ეს შეკრება სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან ამით დადასტურდება 35-წლიანი მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს. მათი წვლილი, რომ საქართველო ვითარდებოდა, იზრდებოდა და ყალიბდებოდა ძალიან დიდია. ამიტომ სენატში დაგეგმილი განხილვა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს მრავალწლიანი მხარდაჭერის გაგრძელებას ; ასევე ხაზგასმაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო აშშ-სთვის. ამ აქტის მიღება საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია”,- განაცხადა ნინო ევგენიძემ.
მსვლელობას შეუერთდნენ ოპოზიციონერი ლიდერებიც.
„ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს მსოფლიოში, მაგრამ მათაც სჭირდებათ შეგულიანება, რომ აქტიურები იყვნენ ჩვენს მხარდაჭერაში, განსაკუთრებით ამერიკაში, სადაც „მეგობარი აქტი“ უნდა იქნას განხილული. ბევრი ხალხი მოდის, ზუსტად ვიცი, გვიერთდება საზოგადოება. მთავარია გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ, ამიტომ გვინდა ამერიკასთან და ევროპასთან ახლო მეგობრობა. „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის გზა არის იზოლაციისკენ, დაუცველობისკენ, შიშისკენ. ჩვენ მოგვაქვს სიმშვიდე, განვითარება, მათ მოაქვთ შიში, იზოლაცია, ამაშია განსხვავება. ზოგადად, ამ არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ. ძალა ერთობაშია, ბევრი უნდა ვიყოთ. მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი საერთო ძალისხმევით საქართველო სამშვიდობოს გავა. სწორედ მშვიდობისთვის, დაცულობისთვის ერთიანობისთვის გვინდა ევროკავშირის წევრობა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა და არა ცალკე, იზოლაცია ყოფნა, როგორც ეს ივანიშვილს უნდა“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
„მეგობარი აქტი“ აშშ-ის სენატში ამერიკელმა სენატორებმა, ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა წარადგინეს. მისი განხილვა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 11 მარტს იგეგმებოდა, თუმცა განხილვა გადაიდო.
აშშ-ის სენატში აქტის განხილვა 27 მარტს იგეგმება. აქტი ბევრს სხვა პუნქტთან ერთად მოიცავს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და მხარდაჭერას – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას, მათ შორის:
🔸 მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე
🔸 გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება
🔸 ეკონომიკური პაკეტის შემუშავება
🔸 უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად