“მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება”

“საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება”, – როგორც შს მინისტრმა განაცხადა, მედიით გაჟღერდა ინფორმაცია, რომ “მარჯვენასაჭიან მანქანებზე დამატებითი გადასახადი წესდება ან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით მოძრაობა იკრძალება, რაც აბსოლუტურად ტყუილია”.

“მსგავსი არაფერი იგეგმება. მფლობელებს, ვისაც გააჩნიათ უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები ან ჰყავთ ავტომანქანები გადატანილი საჭით, შეუძლიათ მთელი ცხოვრება გამოიყენონ ეს მანქანები, ჩვენ მათ არ ვეხებით. უბრალოდ იმ თარიღის შემდეგ, რაზეც ჩვენ შევთანხმდებით, მსგავსი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრმა განმარტა, რომ იკრძალება რეგისტრაცია და არა – იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი და რეექსპორტი.

შს მინისტრის განცხადებით, საქართველოში ძალიან მოდაშია დაშლილი ნაწილებით ვაჭრობა და ასეთი მანქანების იმპორტის შემთხვევაში, მფლობელს შეუძლია, დაშალოს იგი, ვინაიდან რეგისტრაციაში არ გატარდება.

“სტატისტიკა საგანგაშოა, ვინაიდან 2015 წლის მონაცემებით მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი საქართველოში 50%-ს გაუტოლდა. ასეთი რამ მსოფლიოს 2 ქვეყანაშია, სადაც მარცხენასაჭიანი მანქანებით არის ნებადართული გადაადგილება, ეს ქვეყნებია ავღანეთი და ბირმა. თუ ჩვენ გვინდა დავემსგავსოთ ავღანეთს და ბირმას, შეგვიძლია დავრჩეთ იგივე რეჟიმში და გავაგრძელოთ ამ ავტომანქანების იმპორტი. მაგრამ მაქსიმალური პროცენტი ყველა ევროპულ ქვეყანაში არის 10%”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button