მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

მარნეულის დაპირისპირებაზე, ქართული ოცნება პასუხისმგებლობას ნაციონალებს აკისრებს

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” მარნეულეში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს.

ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“მარნეულის მუნიციპალიტეტში, „ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან დღეს საოლქოს ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობა და ცესკოს ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ფიზიკური ძალადობა ვიხილეთ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და აღნიშნული საქმის გამოძიება დაწყებულია.
თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივმა ძალადობა არ იკმარა და ამჯერად, საღამოს საათებში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მათი აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და ჩვენს მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გაცდება, უმკაცრესად დაისჯება. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას, რასაც განსაკუთრებული დაფიქრება, მოთმინება და ანალიზი სჭირდება.
ყველას მოგიწოდებთ, რომ მათ ქმედებებს საკადრისი პასუხი გავცეთ არა ფიზიკური, არამედ მშვიდობიანი, არჩევნების გზით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ძალადობრივი რეჟიმის პირობებში მშვიდობიანი გზით, არჩევნების მეშვეობით მოვიდა ხელისუფლებაში და მტრულ ძალებს არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამარცხებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, გვიან ღამით, მარნეულსში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შორის, დაპირისპირება მოხდა.

გარდა ამისა, ფიზიკურად გაუსწორდნენ, „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს. ასევე დაზიანებულია პირველი არხის ოპერატორი.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ლაშა გოგლიაშვილის განმარტებით, პოლიციას თავდამსხმელთა შესახებ ჯერჯერობით სრული ინფორმაცია არ აქვს და დამნაშავე პირთა დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

„გამოძიება მყისიერად დავიწყეთ გივი ქველაძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 126-ე მუხლით. რაც შეეხება ჯეიჰუნ მუჰამედ ალის ცემის ფაქტს, გამოძიება დავიწყეთ სსკ-ის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაზე ხელის შეშლას გულისხმობს. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა დაკავების მიზნით. შსს- ყველაფერს აკეთებს, ვინაიდან დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, როგორც ქალაქ მარნეულში ასევე მთელ საქართველოში ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად ჩატარდება“, – განაცხადა ლაშა გოგლიაშვილმა

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც გივი ქველაძეზე თავდასხმის ფაქტი მოხდა, ადგილზე სამართალდამცველები არ იმყოფებოდნენ.

„პირველ თემას რაც შეეხება, მაშინ იქ შსს-ს წარმომადგენლები არ იყვნენ. შეტყობინების შესვლისთანავე ოპერატიული ჯგუფები მყისიერად გამოცხადნენ და დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებები, როგორც საგამოძიებო, ისე სამძებრო“, – განაცხადა ლაშა გოგილაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button