მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მარნეულის მაჟორიტარი ადგილობრივებს პროვოკატორებს უწოდებს

მარნეულელი ფერმერები პროდუქტის ჩასაბარებელი ფასით უკმაყოფილობი არიან. როგორც ისინი რადიო „მარნეულთან“ ამბობენ, მუნიციპალიტეტში შემოსული სადისტრიბუციო კომპანია მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. სხვა ალტერნატივის არქონის გამო კი, იძულებულები არიან, საკუთარი პროდუქტი დაბალ ფასში გაყიდონ. მათ კიტრის ჩაბარება 80 თეთრად მოუწიათ.

„7 000 ლარი მაქვს კრეტიდი, მაგრამ მოსავალს ვერ ვყიდი. ბანკის ვალს ვერ გადავიხდი. ვითომ გვიცავენ კორონავირუსისგან. ასე 100 კაცი ერთად დგას და მოსახლოება ინფიცირდება. ფასებით უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. სარწყავი წყალიც არ გვაქვს და ვწვალობთ. შუქის გარეშე გავძლებთ, მაგრამ წყლის გარეშე ვერა. 5000 ჩითილი მაქვს დათესილი, წყალი არაა და მხოლოდ 4 ყუთი დავაგროვე ახლა მოსავალი.“ – ამბობს ერთ-ერთი ფერმერი.

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პრობლემის გარკვევას შეეცადა, რასაც მასსა და ერთ-ერთ ადგილობრივს შორის კამათი მოჰყვა. „ახლა, ამ მდგომარეობაშიც, რომ ეს საშუალება გამოვნახეთ, ვმუშაობთ და წელებზე ფეხს ვიდგამთ, ეს საკმარისი არ არის?! მთელ მსოფლიოში კორონაა მოდებული, ახლა შენ რასაც აკეთებ, სრული დემაგოგიაა“, – მიმართა ნავერიანმა ადგილობრივს.

მან კომენტარი რადიო „მარნეულთან“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ადგილზე პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოსა და კასუმლოში დღეს დილიდან სატვირთო მანქანები მას შემდეგ შევიდა, რაც გუშინ, 22 აპრილს რამდენიმე სოფლის ფერმერები ერთად შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივ თვითმმართველობას მოთხოვეს, რომ პროდუქტის რეალიზება შესძლებოდათ. მარნეულის მერის, ზაურ დარგალის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობას პროდუქტი არ გაუფუჭდეს და რეალიზების საშუალება ჰქონდეთ.

„10 სოფელში მივა სატვირთოები. სხვა სავაჭრო ქსელებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მოსავალი გაიტანონ მარნეულიდან. დღეს ადგილობრივი ხელისუფლება და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ერთობლივად, რომ მოსახლეობას დაეხმარონ პროდუქტის გადყიდვაში. დიდი მაღზიები, რესტორნები, კაფეები, სასტუმროები დაკეტილია და მოსავალი იმიტომაა ბევრი. არ დავუშვებთ, რომ გლეხის მოსავალი გაფუჭდეს. მოსახლეობაში უკვე სია გამზადდა და რიგითობის მიხედვით ჩააბარებენ მოსავალს“. – ამბობს ზაურ დარგალი.

სოფელ შულავერში საპროტესტო აქცია 22 აპრილს გაიმართა და დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. მოქალაქეებს, უსაფთხოების მიზნით, პირბადეები დაურიგეს. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button