მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ 2 ბატალიონი, დაახლოებით 80 ერთეული Leopard 2-ის ტანკი, ნამდვილად მზად იქნება მარტის ბოლომდე უკრაინაში გასაგზავნად, შოლცმა უპასუხა: “იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, მოხერხდება”.
ამავდროულად, გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ “ეს ადვილი არ იქნება”.
შოლცის თქმით, გერმანია თავის მოკავშირეებთან ერთად უკრაინას ტანკებს სწორედ იმისთვის აწვდის, რომ ქვეყანამ ბრძოლის ველზე თავის დაცვა შეძლოს. ამასთან, გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ უკრაინისთვის დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ იქნება გამოყენებული. მისი განცხადებით, ამ საკითხზე კონსენსუსი არსებობს.
კონტექსტი:
იანვრის ბოლოს გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Leopard 2 საბრძოლო ტანკებით მიეწოდებინა.
მოგვიანებით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში ვიზიტისას პირობა დადო, რომ პირველი Leopard 2 უკრაინაში მარტის ბოლოს იქნება.
პისტორიუსმა ასევე გამოაცხადა იმ ქვეყნების “სატანკო სამიტი”, რომლებიც ლეოპარდებს ჩუქნიან უკრაინას.
25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სლოვაკეთში განიხილება უკრაინისთვის მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებაზე მოლაპარაკებების შესაძლო დაწყება მას შემდეგ, რაც კიევმა სლოვაკეთის მთავრობას საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების თხოვნით ოფიციალურად მიმართა.
სააგენტო როიტერსის ცნობით, ამის შესახებ პარასკევს განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა.
დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღს, ჯერჯერობით უარს აცხადებენ კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების ან შორი შორი მანძილის სარაკეტო დისტანციური სისტემების მიწოდებაზე რუსეთის კონკრეტულ სამიზნეებზე დასარტყმელად.
9 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპელი ლიდერი გამოთქვამს მზადყოფნას უკრაინისთვის გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდებაზე. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება უკრაინაში დასავლური დახმარების გაზრდის კუთხით, – წერს სააგენტო როიტერსი.
მოლაპარაკებები წარიმართება როგორც სლოვაკეთსა და უკრაინას შორის, ასევე ევროკომისიის მონაწილეობით. “სლოვაკეთს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებისთვის”, – განაცხადა ჰეგერმა.
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი მიიჩნევს, რომ მის ქვეყანას ეს გამანადგურებლები აღარ სჭირდება და შეიძლებოდა მათი მყიდველის პოვნა. ნადის თქმით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.